5. ფიჭვნარი ტყეები
კავკასიური ფიჭვი (Pinus sosnowskyi) საქართველოში ქმნის როგორც ძირეულ,
ისე დროებით (ნაწარმოებ) ტყეებს.
ფიჭვის ძირეულ ტყეებს მნიშვნელოვანი ტეროტორია უჭირავს თუშეთში, ზემო
სვანეთის აღმოსავლურ ნაწილში, მესხეთში (სადაც წიფლნარი და მუქწიწვიანი ტყეები არ ვრცელდება,
ან ამ ტყეთა ედიფიკატორების კონკურენტუნარიანობა შედარებით დაბალია). ძირეულ ფიჭვნარებს
შედარებით ნაკლები ფართობი უკავია შუა და დასავლეთ თრიალეთზე, მდ. დიდი ლიახვის ხეობაში
და სხვ. რაც შეეხება დროებით (წარმოებულ, მეორად) ფიჭვნარებს, ისინი განვითარებულია
ძირეული ტყეების (ძირითადად წიფლნარის და მუქწიწვიანი ტყეების) გეოგრაფიულ და ეკოლოგიურ
არეალში, ამ ტყეების ნიადაგებზე (პირწმინდა ნაჩეხზე, ნახანძრალზე). დროებითი ფიჭვნარები
დიდ უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივად იცვლება წინამორბედი ძირეული ტყით.
ფიჭვნარების საერთო ფართობი, ოფიციალური მონაცემებით (გიგაური,
1980), დაახლოებით 122 ათას ჰა-ს შეადგენს. ფიჭვნარები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში
ზ. დ. 300 მ-დან 2400 მ-მდე, აღმოსავლეთ საქართველოში – ზ. დ. 700-800 მ-დან 2400 მ-მდე.
ადამიანის არარაციონალური სამეურნეო საქმიანობის (უსისტემო ჭრა) გავლენით,
უფრო ნაკლებ – ბუნებრივადაც, ძირეული ფიჭვნარების ფართობი სულ უფრო მცირდება (იცვლება
ტყისშემდგომი ბუჩქნარებით და მეორადი მდელოებით). ამავე მიზეზით ფიჭვნარი ტყეების დიდი
ნაწილი სადღეისოდ წარმოდგენილია მეტ-ნაკლებად სახეცვლილი (დეგრადირებული) ფიტოცენოლოგიური
სტრუქტურით, გაუარესებულია ან პრაქტიკულად შეწყვეტილია ტყის კორომების ბუნებრივი განახლება.
საქართველოს ძირეული ფიჭვნარი ტყეების შენარჩუნების, ასევე ბუნებრივი
არეალის ფარგლებში სადღეისოდ განვითარებული ტყისშემდგომი მცენარეულობის კვლავ ფიჭვნარად
რეკონსტრუქციის მიზნით, აუცილებელია სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა ფართო პროგრამის
განხორციელება. რეკომენდებულია შემდეგი მეთოდები და საერთო ტექნოლოგიური სქემები:
5.1 ფიჭვნარები მარადმწვანე ქვეტყით
გაერთიანებულია ძირეული ფიჭვნარები, რომლებშიც განვითარებულია ქვეტყე
ღვიისაგან (Juniperus oblonga, J. rufescens, J. depressa). შედარებით იშვიათია, გავრცელებულია
მდ. ენგურის და დიდი ლიახვის აუზების ზემო ნაწილში, ბორჯომის ხეობაში (ფრაგმენტულად),
ლოკალურად – სხვა რეგიონებშიც.
ფიტოცენოზებში (ტყის კორომებში) ფიჭვის საბურვლის შეკრულობა დაბალი ან
საშუალოა (0,3-0,7). ქვეტყე განვითარებულია ჯგუფურად (მოზაიკურად), საერთო შეკრულობა
დაბალია ან საშუალო (10%-დან 50-60%-მდე). ყოველივე ეს საშუალებას იძლევა ფიჭვის აღმონაცენ-მოზარდი
ნორმალურად განვითარდეს და უზრუნველყოფილი იყოს ფიტოცენოლოგიური სტრუქტურის სტაბილურობა
(მდგრადი განვითარება).
ღვიიანი ფიჭვნარების სახეცვლილ (დეგრადირებულ) კორომებში, სადაც ქვეტყე
უფრო შეკრულია, საჭიროა მისი ხელოვნურად შესუსტება (ზოლებრივად, ჯგუფურად), რათა თესლი
ნორმალურად მოითესოს და ფიჭვის მოზარდი ნორმალურად განვითარდეს.
5.2 ფიჭვნარები ფოთოლცვენია ქვეტყით
ჯგუფში გაერთიანებულია ფიჭვნარ-იელიანი, ფიჭვნარ-თხილიანი, ფიჭვნარ-ჯაგრცხილიანი,
ფიჭვნარ-ტყის ცოცხიანი, ფიჭვნარ-ჩვეულებრივი მოცვიანი, ფიჭვნარ-წითელი მოცვიანი ასოციაციათა
ფიტოცენოზები. ისინი გავრცელებულია, მეტწილად, თუშეთში და ზემო სვანეთში, მომცრო ნაკვეთების
სახით – საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
ფიტოცენოზები, რომელთა ფიტოცენოლოგიური სტრუქტურა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია,
ბუნებრივად განახლდება, ხოლო ჭრის პროგრესული მეთოდების გამოყენებით (ჯგუფურ-ამორჩევითი
ჭრა, 20-25 მ დიამეტრის ფანჯრების ჩადგმით; ფანჯრები მომდევნო ჭრის დროს ფართოვდება)
განახლება და მთლიანად ფიტოცენოზთა მდგრადი განვითარება უზრუნველყოფილია.
აღნიშნული ასოციაციების დეგრადირებული (ძლიერ გამეჩხერებული, ხშირი ქვეტყით)
კორომები საჭიროებს განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. რეკომენდებულია
ფანჯრებში (ტყის საბურვლის ქვეშ – ზოლებრივად) ქვეტყე ამოიძირკვოს, რათა ფიჭვი კარგად
მოითესოს და შეიქმნას პირობები აღმოცენებისა და აღმონაცენის ზრდისათვის (ფიჭვის მოზარდის
ფორმირებისათვის).
5.3. ფიჭვნარები მარცვლოვანი ბალახების საფარით
ფიჭვნარები და ნაძვნარ-ფიჭვნარები, რომლებშიც განვითარებულია ბალახოვანი
საფარი მარცვლოვანი ბალახების და ისლების დომინირებით (თივაქასრა, მთის წივანა, ბერსელა,
ბრძამი, ბუშის ისლი და სხვ.), ბუნებრივად სუსტად განახლდება და საჭიროებს ხელშემწყობი
ღონისძიებების გატარებას.
რეკომენდებულია (ძირითადად – თბილისის სატყეო ინსტიტუტის მიერ) ჰორიზონტალური
ზოლების გამოყოფა (სიგანე 70-100 სმ; უმჯობესია ჩაზნექილი ფორმის, სადაც მეტი ტენი
გროვდება), სადაც დაირგვება ფიჭვის ნერგი.
5.4 ფიჭვნარები მარცვლოვან-ნაირბალახოვანი
და ხავსების საფარით
ამ ჯგუფში გაერთიანებული ფიჭვნარი სპეციალურ აღდგენით ღონისძიებებს არ
საჭიროებს. მათი ბუნებრივი განახლების და მგრადი განვითარების უზრუნველყოფა შესაძლებელია
პროგრესული ჭრის გამოყენებით (ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა, დიდი ფანჯრების ჩადგმით).
5.5 სუბალპური ფიჭვნარები
გაერთიანებულია სუბალპურ სარტყელში (ზ. დ. 1800-1850 მ ზემოთ) გავრცელებული
ფიჭვნარები, რომლებიც ხასიათდება შედარებით დაბალი კალთაშეკრულობით (დაბალი და საშუალო
სიხშირის კორომები) და ოპტიმალურად განვითარებული ბალახეული საფარით (ძირითადად მარცვლოვან-ნაირბალახოვანი
შემადგენლობა).
ამ ფიჭვნარების ბუნებრივი განახლება სუსტია, ხოლო ზედმეტად გამეჩხერებული
კორომებისა – პრაქტიკულად შეწყვეტილია. რეკომენდებულია კორომების ფიტოცენოლოგიური სტრუქტურის
აღდგენა ფიჭვის კულტურის შეყვანის გზით – გამეჩხერებულ უბნებში, ველობებზე, სანაპირო
ზოლში (ტყისშემდგომ მდელოებზე). ირგვება 1 ჰა-ზე 710 ათასი ძირი 2-წლიანი ფიჭვის ნერგი,
ნაკვეთებზე (0,7 x 0,7 მ) ან კვლებში. ნერგის გამოსაყვანად სანერგეები უნდა მოეწყოს
მაღალმთიან ადგილებში.
5.6 წარმოებული (მეორადი, დროებითი)
ფიჭვნარები
ეს ფიჭვნარები განვითარებულია ძირეული ტყეების (მუქწიწვიანი, წიფლნარი)
არეალში, ძირეული ტყის კორომების პირწმინდა ნაჩეხებზე და ნახანძრალებზე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოებული (დროებითი) ფიჭვნარები ბუნებრივად
იცვლება (მეტ-ნაკლები ინტენსივობით) ძირეული (მეტწილად – წინამორბედი ფორმაციის) ტყით.
ზოგან (დასახლებული პუნქტების და კურორტების მიდამოებში) სასურველია ამ ტიპის ფიჭვნარების
ხანგრძლივად შენარჩუნება. ამ მიზნით რეკომენდებულია ფიჭვნარებში ჩატარდეს ჯგუფურ-ამორჩევითი
ჭრა, 8-10 მ დიამეტრის ფანჯრების ფორმირებით (1 ჰა-ზე 8-10 ფანჯარა). ფანჯრები იწმინდება
ქვეტყისა და ბალახეულობისაგან, რის შემდეგაც ფიჭვს ბუნებრივი განახლების საშუალება
ეძლევა (ბუნებრივი მოთესვა, აღმონაცენ-მოზარდის განვითარება). ამავე მიზნით რეკომენდებულია
ფიჭვის ნერგის გამორგვაც (სადაც ფიტოცენოზები ძლიერ გამეჩხერებულია და განვითარებულია
ხშირი ქვეტყე ან ბალახეული საფარი).
6. ფიჭვნარები ბიჭვინთის ფიჭვისაგან
ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus pithyusa) მიერ შექმნილი ძირეული ტყეები (ფიჭვნარები)
გავრცელებულია კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და მიმდებარე მთათა კალთებზე,
ზ.დ. 400 მ-მდე. ფიჭვნარები განვითარებულია კირქვიანი მთების სამხრეთის ექსპოზიციის
ფერდობებზე. ფიტოცენოზები (ტყის კორომები) ნაირხნოვანია, მეჩხერი და დაბალი სიხშირის,
დაბალი წარმადობის. ბიჭვინთის კონცხზე (მდ. ბზიფის გამოტანის კონუსი) განვითარებულია
საკმაოდ მაღალი წარმადობის, კალთაშეკრული, მეტწილად ერთხნოვანი ფიჭვნარები.
მთის ფერდობებზე განვითარებული ფიჭვნარები ბუნებრივად დამაკმაყოფილებლად
განახლდება, ისინი აღდგენისა და რეკონსტრუქციის სპეციალურ ღონისძიებებს არ საჭიროებს.
ვაკეზე (ბიჭვინთის კონცხზე) გავრცელებულ ფიჭვნარებში განვითარებულია საკმაოდ მაღალი
სიხშირის ქვეტყე და ბალახეული საფარი (ფიტოცენოზები – ჯაგრცხილას, თაგვისარას, საკმელას
ქვეტყით; მარცვლოვან მცენარეთა საფარით), რის გამოც ისინი სუსტად ან პრაქტიკულად აღარ
განახლდება (ზოგან ფიჭვის აღმონაცენი მრავლადაა, მაგრამ სინათლის არასაკმარისობის გამო
მოზარდი არ ფორმირდება). ასეთი ფიჭვნარებისათვის რეკომენდებულია განათებითი (ამორჩევითი)
ჭრა და ქვეტყის (ძირითადად ჯაგრცხილის) ხელოვნურად შესუსტება.
ფიჭვნარების მეტი ნაწილი (ხშირი ქვეტყით), სადაც ბუნებრივი განახლება
პრაქტიკულად შეწყვეტილია, საჭიროებს განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას.
რეკომენდებულია ქვეტყის ამოძირკვა (ზოლებად ან მცირე ზომის ნაკვეთებზე), რაც ხელს შეუწყობს
ფიჭვის აღმონაცენ-მოზარდის ფორმირებას ბუნებრივი (მოთესვის) გზით.
7. მუხნარები იმერული მუხისაგან
იმერული მუხის (Quercus imeretina) ტყე _ მუხნარი გავრცელებულია კოლხეთის
დაბლობზე და გარემომცველი მთების კალთებზე, ზ.დ. 400 მ-მდე. მუხნარის შედარებით დიდი
მასივი (5000 ჰა-მდე) შემორჩენილია სოფ. აჯამეთთან (აჯამეთის ნაკრძალი). ტყის მნიშვნელოვანი
მასივი (480 ჰა) მდებარეობს ქ. ქუთაისთან (საღორიას ტყე).
იმერული მუხის ტყის ცენოზების უმეტესი ნაწილის (მუხნარი კორობელას საფარით,
მუხნარი ჯაგრცხილას ქვეტყით და სხვ.) ბუნებრივი განახლება, თუ პოტენციური შესაძლებლობით
შევაფასებთ, დამაკმაყოფილებელია: აღმონაცენი და 3-5 წლის მოზარდი საკმაო რაოდენობით
აღინიშნება. თუ გავატარებთ შესაფერის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს (ტყის საბურველქვეშ
სინათლის ინტენსივობის რეგულირება ამორჩევითი ჭრით, ქვეტყის გამოხშირვით), ამ მუხნარების
ბუნებრივი განახლება ნორმალურად წარიმართება და დამატებითი ღონისძიებების განხორციელება
(გარდა პირუტყვისაგან დაცვისა) საჭირო არ იქნება.
მუხნარის სხვა ასოციაციების (მუხნარი იელის ქვეტყით, მუხნარი მარცვლოვანი
ბალახების საფარით) ფიტოცენოზებში მუხის განახლება სუსტად მიმდინარეობს ან პრაქტიკულად
შეწყვეტილია. ამ ფიტოცენოზებისათვის რეკომენდებულია განახლების ხელშემწყობი ღონისძიებები
_ რკოს მოთესვა სპეციალურად დამუშავებულ ზოლებში (ქვეტყე ამოიძირკვება, ნიადაგი გაფხვიერდება).
8. ძელქვნარები
საქართველოს ძირეული ტყეების ერთ-ერთი უძველესი (მესამეულ-რელიქტური ფორმაცია
_ ძელქვნარი (Zelkova carpinifolia) დღეისათვის შემორჩენილია კოლხეთის დაბლობზე (სოფ.
აჯამეთთან, 1,5 ჰა) და შიდა კახეთში (სოფლების
_ ბაბანეურის, არგოხის და ლალისყურის მიდამოები, საერთო ფართობი _ დაახლოებით 240 ჰა).
საქართველოში გავრცელებულ ძელქვნარებში, რცხილნარ-ძელქვნარებში, ჯაგრცხილნარ-ძელქვნარებში
ედიფიკატორი – ძელქვა ბუნებრივად დამაკმაყოფილებლად განახლდება (წარმოიქმნება აღმონაცენ-მოზარდის
საკმარისი რაოდენობა). შესაფერისი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების გატარების შედეგად
(ამორჩევითი ჭრა, მოვლითი ჭრა, შინაური პირუტყვისაგან დაცვა) ძელქვნარების ბუნებრივი
განახლება უმჯობესდება, დამატებითი ღონისძიებების გატარება (ტყეკულტურების სამუშაოები)
საჭირო არაა.
რაც შეეხება სახეშეცვლილ (დეგრადირებულ) ძელქვნარებს და ძელქვის სიჭარბით
ტყეებს (რცხილნარ-ძელქვნარი, ჯაგრცხილნარ-ძელქვნარი), რომლებშიც ცოცხალი საფარი (ქვეტყე,
ბალახეულობა) ძლიერ არის განვითარებული და ახშობს ძელქვის აღმონაცენ-მოზარდს, მათ ცენოზებში
აუცილებელია სატყეკულტურო ღონის-ძიებების განხორციელება.
ძელქვა იძლევა დიდი რაოდენობის თესლს, მაგრამ ბუნებაში მისი შეგროვება
გაძნელებულია. ამის გამო მიზანშეწონილია, რომ ძელქვის მოზარდი (თესლით წარმოშობილი,
ფესვის ნაბარტყი) შეგროვდეს ტყის იმ უბნებში, სადაც იგი ჭარბადაა, და გამოყენებული
იქნას დარღვეული სტრუქტურის მქონე ძელქვნარების ცენოზებში (ტყის კორომებში) შესარგავად.
ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ძელქვნარის აღდგენა ტყის მიმდებარე ტერიტორიაზეც
(ბუჩქნარების და მდელოების რეკონსტრუქცია ძელქვნარად).
ყველა ეს ღონისძიება შეიძლება განხორციელდეს წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ აღსადგენი ფიტოცენოზები დაცული იქნება შინაური პირუტყვისაგან.
9. შერეული (პოლიდომინანტური)
ფართოფოთლოვანი ტყეები
შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები ისტორიულ წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული
კოლხეთის დაბლობზე და მთისწინებზე, რაც მრავალრიცხოვანი პალეობოტანიკური გამოკვლევით
არის დადგენილი. სადღეისოდ ეს ტყეები შემორჩენილია შეზღუდულ ტერიტორიაზე _ ლოკალურად.
პოლიდომინანტური ფართოფოთლოვანი ტყეების შემადგენლობაში მონაწილეობს
(დამახასიათებელი სახეობები) _ წაბლი, წიფელი, ჰართვისის მუხა, იმერული მუხა, ცაცხვი,
რცხილა, იფანი, ხურმა და სხვ. სადღეისოდ ამ ტყეების (კორომების) სტრუქტურა ძლიერ დარღვეულია,
გამეჩხერებულია, ძირითადად წარმოდგენილია სახეცვლილი ფიტოცენოზებით (მარადმწვანე და
ფოთოლცვენია ქვეტყით, არადამახასიათებელ სახეობათაგან შექმნილი ბალახოვანი საფარით).
ტყის კორომების ბუნებრივი განახლება სუსტად მიმდინარეობს ან პრაქტიკულად შეწყვეტილია,
რაც დიდი ანთროპოგენური დატვირთვით არის განპირობებული.
აუცილებელია ამ ძირეული ტყეების აღდგენა, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის
გაუმჯობესება, რაც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ტყეკულტურების გზით (რგვა გამეჩხერებულ
უბნებში და ტყისპირებში, 2 x 2 მ ნაკვეთებზე). ასორტიმენტში ძირითადად იგივე სახეობები
უნდა სჭარბობდეს, რაც ტრადიციულად მონაწილეობდა ბუნებრივ ტყეებში, ძირითადად _ წაბლი,
წიფელი, ხურმა. ზოგიერთი მეცნიერი იძლევა რეკომენდაციას _ ამ მიზნით ეგზოტების ფართო
გამოყენების თაობაზე (იაპონური კრიპტომერია, ლუზიტანიის კვიპაროზი, ლირიოდენდრონი,
კატალპა, პავლოვნია და სხვ.). მიუხედავად ზოგიერთი ეგზოტის სწრაფი ზრდისა და ადგილობრივ
(კოლხეთის) კლიმატურ-ნიადაგურ პირობებთან კარგი შეგუებისა, მათ მიმართ მაინც გარკვეული
სიფრთხილე გვმართებს (განსხვავებით გამწვანებაში და პლანტაციების შესაქმნელად მათი
გამოყენებისაგან), ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე ექსპერიმენტულად არ იქნება გამოკვლეული
ტყის ბუნებრივ (ადგილობრივ) ფიტოცენოზებში მათი ჩანერგვის თავისებურებანი (სუქცესიური
ურთიერთობა აბორიგენი სახეობების პოპულაციებთან).
10. მურყნარები
ძირეული მურყნარები (Alnus barbata) გავრცელებულია კოლხეთის დაბლობის
დასავლურ ნაწილში. დიდ ფართობს იჭერს დაჭაობებულ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლები გამდინარეა
(მოძრაობს ზღვისაკენ) და ჟანგბადით მდიდარია. მუდმივად ან დიდი ხნით დამდგარ წყლებში,
სადაც ჟანგბადის ნაკლებობაცაა, მურყანი იჩაგრება, ტყე (მურყნარი) დაბალი წარმადობისაა,
ან საერთოდ არ გვხვდება (უტყეო ჭაობები).
კოლხეთის დაბლობის აღმოსავლურ ნაწილში და აღმოსავლეთ საქართველოში მურყნარები
შედარებით იშვიათია. ძირეული მურყნარები აქ ძირითადად მდინარეთა სანაპირო ზოლში (ჭალაში)
გვხვდება. ნაყოფიერი ნიადაგების (ტენიანი ალუვიური ნიადაგები) და ხელსაყრელი ჰავის
წყალობით ჭალის მურყნარები ბუნებრივ მაღალ სიხშირესა და მაღალ პროდუქტიულობას აღწევს.
მურყნარებში მეურნეობა დამყარებულია ედიფიკატორის (მურყანის) ვეგეტატიურ
განახლებაზე. კოლხეთის ჭაობიან მურყნარებში დასაშვებია პირწმინდა ჭრა 40-წლიანი ბრუნვით
(ტყეკაფის სიგანე 100 მ-მდე). მაღალი წარმადობის ჭალის მურყნარებში რეკომენდებულია
პირწმინდა ჭრა 20-წლიანი ბრუნვით.
ამჟამად მურყნარების დიდი უმეტესობა მეტ-ნაკლებად დეგრადირებულია (გამეჩხერებული
ტყეები, მოზრდილი ველობების ჩართვით). ამ ტყეების დიდი გარემოსდაცვითი (მდინარეთა ნაპირგამაგრების)
მნიშვნელობის გამო, აუცილებელია მათი აღდგენა. იგი შესაძლებელია განხორციელდეს ტყეკულტურების
გზით (გამეჩხერებულ ადგილებში, ველობებზე და ტყისპირებში ირგვება მურყანი, ჭალის ვერხვების
შერევით).
11. ჭალის ვერხვნარები და ტირიფნარები
ძირეული ტყეების ეს ფორმაციები (ედიფიკატორები _ Populus nigra,
P.canescens, Salix excelsa და სხვ.) გავრცელებულია
მდინარეთა სანაპირო ზოლში (მათ შორის მთის ხეობებში, ზ.დ. 900-1000 მ-მდე), ალუვიურ
ტენიან ნიადაგებზე. წარსულში (ისტორიულ წარსულში, შუა საუკუნეებამდე) არსებული ვრცელი
ტყეებიდან სადღეისოდ შემორჩენილია ტყეების ვიწრო და წყვეტილი ზოლები და ცალკეული მომცრო
კორომები, რომლებიც მეტ-ნაკლებად სახეცვლილია (გამეჩხერებული, შეცვლილი ცოცხალი საფარით).
იგი შედეგია იმ ძლიერი ანთროპოგენური პრესისა (უსისტემო ჭრა, პირუტყვის მუდმივი ძოვება),
რაც ამ ტყეებმა განიცადა, ბარისა და მთისწინების ტყეების სხვა ფორმაციებთან ერთად.
ვერხვნარისა და ტირიფნარის ხშირ კორომებში (რომლებიც აქა-იქ ჯერ კიდევ
შემორჩენილია), დასაშვებია მოვლითი ჭრა, რომლის დროსაც სიხშირე 0,7-ზე ქვევით არ დაიყვანება.
გამეჩხერებულ ვერხვნარებში და ტირიფნარებში (რაც უმეტესობას წარმოადგენს) აუცილებელია
კულტურების შეტანა (მსხვილი ნერგის გამორგვა; ველობებზე და ტყისპირებში ვერხვების და
ტირიფების კორომების გაშენება).
12. ჭალის მუხის მუხნარები
ჭალის მუხის (Quercus longipes) მიერ შექმნილი ტყე (მუხნარი) გავრცელებულია
აღმოსავლეთ საქართველოს ჭალებში, ალუვიურ ტენიან ნიადაგებზე.
ხშირ მუხნარებში (სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია მეტ-ნაკლებად ბუნებრივი
სახით), ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდებულია მოვლითი ჭრა (იჭრება
არასასურველი სახეობების შერეული ხეები, გამოიხშირება ქვეტყე). ამ მიზნითვე რეკომენდებულია
ერთდროულად ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრის (20-25 მ-იანი ფანჯრების რიგში ჩადგმით) და მოვლითი
ჭრის ჩატარება.
ჭალის მუხნარების კორომების მეტი წილი სადღეისოდ მეტ-ნაკლებად დეგრადირებულია (გამეჩხერებულია, ფიტოცენოლოგიური
სტრუქტურა დარღვეულია). აუცილებელია ამ ტყეების აღდგენა ბუნებრივი (გეოგრაფიული, ეკოლოგიური)
არეალის ფარგლებში. რეკომენდებულია მუხის ნერგის გამორგვა ტყის გამეჩხერებულ უბნებში,
ველობებზე, ტყისპირა ზოლებში. იგი ხორციელდება სპეციალურ ნაკვეთებზე და ზოლებში, რომლებიც
წინასწარ დამუშავდება (მცენარეულობისაგან გაწმენდა, ნიადაგის გაფხვიერება).
13. არიდული ტყეები
არიდული (ნათელი) ტყეებიდან, რომლებიც გეოლოგიურ წარსულში (ისტორიულ ხანაშიც)
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთის ქვედა სარტყელში მნიშვნელოვან ტერიტორიას იჭერდა,
სადღეისოდ შემორჩენილია, ძირითადად, საკმლის ხიანი (Pistacea mutica) და ღვიიანი
(Juniperus foetidissima, J. polycarpos) – შირაქში, ქვემო ქართლში, უფრო იშვიათად
– შიდა ქართლშიც. ძლიერი ანთროპოგენური პრესის გავლენით (უსისტემო ჭრა, ზამთრის საძოვრად
გამოყენება) არიდული ტყეების ფიტოცენოზების უმეტესობა მეტ-ნაკლებად სახეცვლილია (მეტისმეტად
გამეჩხერებული, მეორადი ცოცხალი საფარით); მათი ბუნებრივი განახლება არადამაკმაყოფილებელია,
დიდი ნაწილისა კი – პრაქტიკულად შეწყვეტილია.
არიდული ტყეების აღდგენა ბუნებრივი არეალის ფარგლებში (გამეჩხერებული
კორომების აღდგენა, ტყისშემდგომი ბუჩქნარების და სტეპების რეკონსტრუქცია არიდულ ტყედ)
შესაძლებელია მხლოდ ტყეკულტურების გაშენების გზით. რეკომენდებულია (სვანიძე, 2001)
საკმლის ხის და აკაკის (Celtis caucasica) თესლის შეგროვება შემოდგომაზე, რომელიც მაშინვე
დაითესება სპეციალურად გამოყოფილ და დამუშავებულ ნაკვეთებზე (მუდმივი ნაკვეთები). ღვიის
თესლი საჭიროებს წინასწარ სპეციალურ დამუშავებას
(ამის გარეშე მუდმივ ნაკვეთებზე დათესილი თესლი არ აღმოცენდება).
14. სუბალპური ტყეები
სუბალპურ სარტყელში (ზ.დ. 1800 მ ზემოთ) ტყის რამდენიმე ფორმაცია ვრცელდება.
ზემოგანხილული ფორმაციებიდან სუბალპებში საკმაოდ ღრმად შედის (ზ.დ. 21002300 მ-მდე,
ფიჭვნარი _ 2450 მ-მდე) სოჭნარი, ნაძვნარი, წიფლნარი, ფიჭვნარი. ტყის ზოგიერთი ფორმაცია
(არყნარი, მაღალმთის ნეკერჩხლიანი, მაღალმთის მუხნარი) მხოლოდ სუბალპურ სარტყელშია
გავრცელებული, იშვიათად ჩამოდის მთის ზედა სარტყელში.
არყნარები
მაღალმთის (სუბალპური) ძირეული ტყეების ერთ-ერთ მთავარ ფორმაციას წარმოადგენს
არყნარი (Betula litwinowii). არყის მეჩხერი და ტანბრეცილი ტყეები ზ.დ. ყველაზე მაღლა
(2600 მ) ვრცელდება. სადღეისოდ არყნარების უდიდესი ნაწილი განადგურებულია, მათ ნაალაგევზე
განვითარებულია მაღალმთის ბუჩქნარები (დეკიანი, იელიანი და სხვ.) და მდელოები (სუბალპური
მეორადი მდელოები). არყის ტყის ცენოზები, რომლებიც შემორჩენილია და «არშიასავით ზემოდან
გაუყვება» (ნ.კეცხოველი) ჩვენს მთის ტყეებს, მეტ-ნაკლებად დეგრადირებულია (სახეცვლილი).
არყნარები უდიდეს გარემოსდაცვით ფუნქციებს ასრულებს (წყალმარეგულირებელი,
ზვავსაწინააღმდეგო და სხვ.). აუცილებელია მათი დაცვა და აღდგენა, განსაკუთრებით დიდი
და საშუალო დაქანების ფერდობებზე (გავაკებულ რელიეფზე სათიბ-საძოვრებიც დამაკმაყოფილებლად
ასრულებს გარემოსდაცვით ფუნქციებს და ეკონომიკურადაც მომგებიანია). რეკომენდებულია
სატყეკულტურო სამუშაო, კერძოდ, მომცრო ნაკვეთებზე (0,7 x 0,7 მ) ირგვება არყის მსხვილი
ნერგი (1 მ-მდე სიმაღლის). ამ მიზნით საჭიროა მოეწყოს პატარა ზომის დროებითი სანერგეები,
მხოლოდ მაღალმთიან (სუბალპურ) სარტყელში.
ნეკერჩხლიანები
სუბალპური ტყეების ერთ-ერთი ფორმაციაა ნეკერჩხლიანი (Acer
trautvetteri). მაღალმთის ნეკერჩხლის ძირეული ტყეები სადღეისოდ ცოტაღაა შემორჩენილი,
მეტწილად დასავლეთ საქართველოს სუბალპებში (ტანბრეცილი ნეკერჩხლიანები). სუბალპური
მეჩხერი ნეკერჩხლიანები, რომლებიც გავრცელებულია ქვემო სუბალპურ ქვესარტყელში და მთის
ზედა სარტყელში (ზ.დ. 1700-2100 მ ფარგლებში), მეორადია, განვითარებულია ძირეული ტყეების
– წიფლნარებისა და მუქწიწვიანი ტყეების (ნაძვნარი, სოჭნარი) ნაალაგევზე.
ნეკერჩხლიანების (ძირეულის, მეორადის) ბუნებრივი განახლება არადამაკმაყოფილებელია,
რაც მათი ფიტოცენოლოგიური სტრუქტურის დარღვევასთანაა დაკავშირებული (ზედმეტი გამეჩხერება,
რომელმაც გამოიწვია მაღალბალახოვანი ცოცხალი საფარის მძლავრი განვითარება). ამ ტყის
ცენოზების (ისევე როგორც არყნარების და სუბალპური ტყეების სხვა ფორმაციების) განადგურება
ტყის ზედა საზღვრის კატასტროფულ დაწევას განაპირობებს, რაც მთის ეკოსისტემების ასევე
კატასტროფულ ცვლილებებს მოასწავებს.
ნეკერჩხლიანების აღდგენის, ასევე მათ ნაალაგევზე განვითარებული მაღალბალახოვანი
ცენოზების რეკონსტრუქცია ნეკერჩხლიანებად საჭიროებს სატყეკულტურო ღონისძიებების გატარებას.
რეკომენდებულია სტრუქტურადარღვეულ ნეკერჩხლიანებში და მეორად მაღალბალახეულობაში მაღალმთის
ნეკერჩხლის მსხვილი ნერგის (1,0-1,5მ) რგვა. ნერგი აუცილებელია გამოყვანილ იქნას სუბალპებში
მოწყობილ დროებით სანერგეებში.
მაღალმთის მუხის მუხნარები
მაღალმთის მუხის (Quercus macranthera) ტყეები (მუხნარები) გავრცელებულია
აღმოსავლეთ საქართველოს სუბალპებში და მთის ზედა სარტყელში (ზ.დ. 1600-1700მ ზემოთ).
დასავლეთ საქართველოში (კავკასიონზე) მუხის ტყე სვანეთამდე ვრცელდება. მუხნარებს უჭირავს
სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობები, სადაც სხვა სუბალპური ფორმაციები (არყნარი, ნეკერჩხლიანი,
მაღალმთის წიფლნარი) მუხნარ ტყეებს კონკურენციას ვერ უწევს (ნიადაგის მეტი სიმშრალე).
სუბალპური ტყეებიდან მაღალმთის მუხნარები ყველაზე მეტად დაზიანდა ანთროპოგენური
პრესის გავლენით. მუხის ტყეების ნაალაგევზე (სამხრეთის ფერდობები) საუკეთესო მდელოები
(ბუნებრივი სათიბები და საძოვრები) ვიტარდება, რაც გახდა კიდეც ძირითადი მიზეზი მუხნარების
შევიწროება-განადგურებისა.
მუხნარებს, სხვა სუბალპური ტყეების მსგავსად, უდიდესი გარემოსდაცვითი
ფუნქცია გააჩნია, რასაც დიდი და საშუალო დაქანების მთის კალთებზე სხვა მცენარეულობა
(ბუჩქნარები, მდელოები) ვერ ასრულებს. ამის გამო, ამ ტყეებს დაცვა ესაჭიროება (თვით
მაღალმთის მუხა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში), ხოლო სამხრეთის ექსოზიციის ძლიერ
დაქანებულ ფერდობებზე აუცილებელია მუხნარი კორომების აღდგენა-რეკონსტრუქცია. რეკომენდებულია
ორი მეთოდი: 1. ხელშეწყობა დეგრადირებული მუხნარების ბუნებრივი განახლების გასაუმჯობესებლად.
ამ მიზნით რეკომენდებულია ტყის საბურვლის და ბალახეული საფარის სიხშირის რეგულირება,
რათა ხელი შევუწყოთ მაღალმთის მუხის აღმონაცენ-მოზარდის განვითარებას; 2. რკოს მოთესვა
ძლიერ დეგრადირებულ მუხნარებში და ღია ადგილებზე (ტყის ველობები, ტყისპირები) დამუშავებულ
ჰორიზონტალურ კვლებში (კვლებს შორის მანძილი 2 მ). მუხის რგვა კარგ შედეგს ვერ იძლევა,
ვინაიდან გადარგვისას იჭრება (იკვეცება) მცენარის მთავარი ფესვი.
ბოლოთქმის მაგიერ
«ჩვენი მთის კალთები ტყით რომ არ იყოს დაფარული, ბარად არც ასეთი უხვმოსავლიანი
ბაღ-ვენახები, ჩაისა და ციტრუსების, სამკურნალო და ტექნიკური მცენარეების პლანტაციები
გვექნებოდა; ჩვენი ქვეყანა კურორტებითა და კლიმატური სადგურებითაც არ იქნებოდა განთქმული;
უტყეოდ ჩვენი მთის მდინარენი – ელექტროენერგიის ეს დაუშრეტელი წყარო – ბაღ-ვენახებისა
და ყანების მაცოცხლებელი კი არ იქნებოდა, არამედ ხალხის უბედურების წყაროდ გადაიქცეოდა;
ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაც არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის».
აკადემიკოსი
ნიკო კეცხოველი 1960 წ .