III სტადია (საფეხური). ქართული მუხის ტყეების ანთროპოგენური დიგრესიის
III სტადიის მცენარეულობა აღმოსავლეთ საქართველოში პრაქტიკულად მთლიანად წარმოდგენილია
ქსეროფილური ბუჩქნარებით – ძეძვიანებით. დასავლეთ თრიალეთზე (ძამას, გუჯარეთისწყლის,
ჩარხისწყლის, ბორჯომულას და სხვა ხეობები) საკმაოდ ფართო გავრცელებას აღწევს ტყის ცოცხიანები.
ძეძვი (Paliurus spina christi) გვალვაგამძლე ბუჩქია. მას გააჩნია მძლავრი
ფესვთა სისტემა და თხელი, აჟურული ვარჯი. სინათლისმოყვარულია და ყინვაგამძლე. ნაყოფმსხმოიარობს
უხვად და ყოველწლიურად. ძეძვის ბიოლოგიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი აქტიური
ვეგეტატიური გამრავლება, რის საშუალებითაც იგი ხანგრძლივად ინარჩუნებს დაკავებულ ადგილებს,
ძლიერი ანთროპოგენური პრესის (ჩეხვა, პირუტყვის ძოვება) პირობებშიც კი. ძეძვი ნიადაგის
ნაყოფიერების მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. ამასთან, კარგ ზრდა-განვითარებას აღწევს ტყის
ნიადაგებზე, დამაკმაყოფილებელს – ტყის ნიადაგების დეგრადირებულ ვარიანტებზე. ძლიერ
დეგრადირებულ ნიადაგებზე (ჩამორეცხილი, კლდიანი, პრიმიტიული) ძეძვის სასიცოცხლო პოტენციალი
ქვეითდება, ბუჩქი კნინდება, ცენოზები (ძეძვიანები) ადგილს უთმობს ამ ადგილსამყოფელის
პირობებში უფრო გამძლე მცენარეულობას.
ძეძვის შეჭრა (ჩანერგვა) დეგრადირებული ტყის კორომებში (მუხნარების დეგრადაციის
I სტადიის მცენარეულობაში) და ტყისშემდგომ ბუჩქნარებში – ჯაგრცხილნარში, გრაკლიანში,
ნაირბუჩქნარში (მუხნარების დეგრადაციის II სტადიის მცენარეულობა) და ამ ცენოზებში ძეძვის
პოზიციების თანდათანობითი გაძლიერება მიმდინარეობს მცენარეულობაზე (მთლიანად ეკოსისტემაზე)
ძლიერი ანთროპოგენური ზეწოლის პირობებში (უსისტემო ჩეხვა, პირუტყვის სისტემატური ძოვება,
ნიადაგის დაშლა-ჩამორეცხვა).
სადღეისოდ ძეძვიანები ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში,
მთისწინებზე და მთის ქვედა სარტყელში, ზ. დ. 1000-1100 (1200) მ-მდე. უფრო მშრალ რეგიონებში
(ცენტრალური და აღმოსავლეთი თრიალეთი, გომბორის ქედის სამხრული კალთა) ძეძვიანებში
აღინიშნება ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე. შედარებით ნაკლებად მშრალ რეგიონებში კი
(აღმოსავლეთ საქართველოს დასავლური ნაწილი, კახეთის კავკასიონი) ძეძვიანები მეტწილად
განვითარებულია სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. ძეძვიანების
ქვეშ განვითარებული ნიადაგები (ყოფილი ტყის ნიადაგები) დეგრადირებულია, მათ პრაქტიკულად
დაკარგული აქვთ ტყის ნიადაგების მთავარი ნიშნები (მდგრადი მკვდარი საფარი, ჰუმუსიანი
ჰორიზონტი და სხვ.).
ძეძვიანები მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი. მათგან უმეტესად გვხვდება
წმინდა ძეძვიანი (მონოდომინანტური ცენოზები), ნაირბუჩქნარ-ძეძვიანი, გრაკლიანძეძვიანი
და შავჯაგიან-ძეძვიანი. ბალახეული საფარის მიხედვით გამოიყოფა ორი მთავარი ვარიანტი
(ასოციაცია): ძეძვიანი უროს საფარით (Paliuretum botriochloosum), ძეძვიანი მარცვლოვან-ნაირბალახოვანი
საფარით (Paliuretum graminoso-mixtoherbosum).
ძეძვიან ცენოზებში კარგად არის ფორმირებული ორი იარუსი – ბუჩქების (I
იარუსი) და ბალახების (II იარუსი). I იარუსში მეტწილ შემთხვევებში დომინირებს ძეძვი.
უფრო იშვიათად თანადომინანტის როლში მონაწილეობს გრაკლა (Spiraea hypericifolia), შავჯაგა
(Rhamnus pallasii) ან ნაირბუჩქები – ჯაგრცხილა (Carpinus orientalis), წითელი კუნელი
(Crataegus kyrtostyla), ჟასმინი (Jasminum fruticans). გარდა აღნიშნული ბუჩქებისა,
I იარუსში მონაწილეობს (დამახასიათებელი სახეობები) – კვიდო (Ligustrum vulgare), ასკილი
(Rosa canina, R. spinosissima, R. corymbifera), ჩიტაკომშა (Cotoneaster
racemiflora). დაბალი კონსტანტობით აღინიშნება – ღვიები (Iuniperus oblonga, J.
rufescens), გარეული ბალი (Cerasus incana), ხორციფერა (Atraplaxis spinosa), გლერძა
(Astragalus caucasicus, A. microcephalus), თრიმლი (Cotinus coggygria), თუთუბო
(Rhus coriaria) და სხვ. I იარუსის საშუალო სიმაღლე 1,0-2,0 მ შეადგენს, საშუალო პროექციული
დაფარულობა 35-50%-ია (ცვალებადობს 20-70% ფარგლებში).
ძეძვიანებში ბალახეული საფარი (II იარუსი) მეტწილად კარგად განვითარებულია
მხოლოდ ბუჩქთშორისებში, სადაც მისი პროექციული დაფარულობა საშუალოდ 40-60% შეადგენს.
განაწილება აქაც არათანაბარია, ცვალებადობს 30-70% ფარგლებში. უშუალოდ ბუჩქებქვეშ ბალახეული
საფარი თხელია, ან პრაქტიკულად არ არის განვითარებული. ბალახეული საფარის დომინანტებს
შორის უწინარესად უნდა აღინიშნოს ურო (Botriochloa ischaemum); უფრო იშვიათად აღინიშნება
დომინირება სხვა სახეობებისაც. უროს გარდა დამახასიათებელ სახეობებს წარმოადგენს –
Achillea milefolium, Eringium campestre, Euphorbia sequeriana, Festuca sulcata,
Galium verum, Lolium rigidum, Melica transilvanica, Koeleria gracilis, Phleum
phleoides, Poterium Polygamum, Teucrium chamaedrys, T. polium, Tragopogon
graminifolius, Trisetum rigidum, Xeranthemum squarrosum და სხვ. საერთოდ, ძეძვიანები
ფლორისტულად მდიდარია (კონკრეტული ნაკვეთების აღწერებში გვხვდება 50-60 სახეობა).
ძეძვიანი ცენოზებიდან (ასოციაციებიდან) ყველაზე ფართო გავრცელებით ხასიათდება
ძეძვიან-უროიანი (Paliuretum botriochloosum) და ძეძვიანი მარცვლოვან-ნაირბალახოვანი
საფარით (Paliuretum graminoso-mixtoherbosum); შედარებით იშვიათად აღინიშნება: ძეძვიანი
გლერძათი (Paliuretum astragalosum) – გვხვდება მეტწილად ცენტრალურ თრიალეთზე; ძეძვიანი
ავშანით (Paliuretum artemisiosum) – გვხვდება შიდა ქართლში.
ძეძვიანების ფლორის ფიტოცენოლოგიური და ეკოლოგიური
ანალიზი გვიჩვენებს, რომ მის შემადგენლობაში უკვე ძალზე ცოტაღაა შემორჩენილი ტყის სახეობები,
როგორიცაა, კერძოდ, Brachypodium silvaticum, Dactylis glomerata, Carex
buschiorum, Clinopodium vulgare, Fragaria vesca და ზოგიერთი სხვა. ამასთან ამ სახეობების
ცენოზური როლი დაბალია (მცირე რაოდენობით, ძირითადად ბუჩქებქვეშ). ფლორის ძირითად ბირთვს
ქმნის სტეპისა და სხვადასხვა ქსეროფილური კომპლექსების წარმომადგენლები. ეს გარემოება,
ასევე ადგილსამყოფელის პირობები აშკარად მიუთითებს, რომ ტყეების დიგრესულ-სუქცესიური
განვითარების პროცესები უკვე ღრმად არის განხორციელებული, იმდენად ღრმად, რომ ტყეების
დემუტაციური პროცესები (ბუნებრივად ტყეების აღდგენა) პრაქტიკულად გამორიცხულია (სანაკრძალო
რეჟიმის პირობებშიც კი).