II სტადია (საფეხური). ტყის მცენარეულობის დიგრესულ-სუქცესიურ პროცესებში
განსაკუთრებული ადგილი უკავია ტყიდან უტყეო (ტყისშემდგომ) მცენარეულობაზე გარდამავალ
პროცესებს. ამ დროს მიმდინარეობს ღრმა ცვლილებები ბუნებრივ-მცენარეულ კომპლექსებში
(ტყის ეკოსისტემებში). ცვლილებები ნაირგვარია თავისი სიღრმით, დროით (პროცესის სიჩქარით)
და სხვა მაჩვენებლებით.
ტყე ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე რთული და სრულყოფილი ბუნებრივი
წარმონაქმნია, რომელიც ფორმირებულია ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მიმდინარე ფიტოცენოზთა
სტრუქტურულ-ფუნქციური შერჩევის გზით. ამასთან, ტყე თვითონ ქმნის მისი არსებობისათვის
სასურველ გარემო პირობებს – მის მიერ ადგილსამყოფელზე ძლიერი ზემოქმედების, მიკროგარემოს
ეკოლოგიური ფაქტორების გარკვეული ნიველირების გზით.
როდესაც ტყის ეკოსისტემებზე ანთოპოგენური ზეწოლის პირობებში იწყება ტყის
ფიტოცენოზთა სტრუქტურის რღვევის პროცესი, სუსტდება ტყის მიერ მიკროგარემოს შექმნის
(გარემოსგარდამქმნელი) უნარი, ტყე თანდათანობით ჰკარგავს ადგილსამყოფელის პირობების
მალიმიტირებელ ფუნქციას. ამასთან დაკავშირებით, იზრდება ერთი და იგივე ტყის ფიტოცენოზის
(ფიტოცენოზის ტიპის – ასოციაციის) დიგრესულ-სუქცესიური პროცესის სხვადასხვა მიმართულებით
განვითარების შესაძლებლობა.
ჩვენ გამოვიკვლიეთ ტყისშემდგომი მცენარეულობის წარმომადგენლები – ბუჩქნარები,
ბალახეულობა, მეჩხერი ქსეროფიტული კომპლექსები. გამოვიყენეთ სათანადო მეთოდიკა (აღნიშნულია
ზემოთ). შევეცადეთ გამოგვევლინა მათ უამრავ ნაირსახეობას შორის სუქცესიური (გენეზისური)
კავშირები, დაგვედგინა ძირითადი სუქცესიური რიგები (სუქცესიურ სტადიათა თანმიმდევრული
ცვლის ტიპები).
აღმოჩნდა, რომ ქართული მუხის ტყეების დიგრესულ-სუქცესიური განვითარება
აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ტყიდან უტყეო (ტყისშემდგომი) მცენარეულობის ფორმირების
პროცესები ხასიათდება დიდი მრავალფეროვნაბით, რომლებიც კავშირშია რეგიონების საერთო
კლიმატურ-ნიადაგურ პირობებთან, კონკრეტულ რეგიონში კი – ფერდობების ექსპოზიციასთან
და დაქანებასთან. გამოვლინდა სუქცესიათა საერთო (ზოგადი) კანონზომიერებებიც, რაც საფუძველს
გვაძლევს შევქმნათ დიგრესულსუქცესიური ცვლის საერთო მოდელი.
ქართული მუხის ტყეების დიგრესულ-სუქცესიური რიგის II სტადიის (საფეხურის)
მცენარეულობაში (ტყისშემდგომი მცენარეულობა) უწინარესად უნდა აღინიშნოს ჯაგრცხილნარი
(ჯაგრცხილას – Carpinus orientalis ბუჩქნარი), რომელიც ხასიათდება ფართო გავრცელებით
და წარმოდგენილია საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებით.
ჯაგრცხილა (Carpinus orientalis) ფართო ეკოლოგიური არეალის მქონე ბუჩქია
(ზოგჯერ იზრდება დაბალ და საშუალო სიმაღლის ხედ). იგი გვხვდება ნაირგვარ ნიადაგურ პირობებში,
არ უყენებს განსაკუთრებულ მოთხოვნას ნიადაგის სიმდიდრეს და ტენიანობას, ასევე ადგილსამყოფელის
განათებულობას. მას შეუძლია ზრდა და განვითარება როგორც ტყის (მუხნარის) საბურველქვეშ,
ისე ტყისპირებში და ღია ადგილებში, არ გაურბის ეროზირებულ მშრალ ნიადაგებსაც. ამ მხრივ
ჯაგრცხილა არსებითად განსხვავდება ამავე გვარის მეორე სახეობა – რცხილისაგან
(Carpinus caucasica). საქართველოში ჯაგრცხილა ფიტოცენოლოგიურად ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულია
ქართულ მუხასთან (მუხნართან). აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მუხნარ-ჯაგრცხილნარი
ცენოზები (კორომები), სადაც ჯაგრცხილა კარგად გამოსახულ ქვეტყეს ქმნის. მეორად მუხნარებში
ჯაგრცხილა ხშირად აღწევს მთავარ (A) იარუსსაც და ქართულ მუხასთან ერთად ბიდომინანტურ
საბურველს ქმნის (ჯაგრცხილნარ-მუხნარი).
აღმოსავლეთ საქართველოში, მთისწინებზე და მთის ქვედა სარტყელში ჯაგრცხილნარი
პრაქტიკულად ყველგანაა განვითარებული. ჯაგრცხილნარი ცენოზები განვითარებულია ყველა
ექსპოზიციის ნაირგვარი დაქანების ფერდობებზე, ნაირგვარ ნიადაგებზე. გენეზისურად ახალგაზრდა
ჯაგრცხილნარების და ჩრდილოეთის ფერდობების ჯაგრცხილნარების ქვეშ განვითარებული ნიადაგები,
პროფილის მორფოლოგიის მიხედვით, ახლო დგას მუხნარი ტყის ნიადაგებთან (საერთო სიღრმე,
მკვდარი საფარი, ჰუმუსიანი ჰორიზონტი). რაც შეეხება ძლიერი ანთროპოგენური წნეხის ქვეშ
არსებულ ჯაგრცხილნარების ნიადაგებს, მათ ტყის ნიადაგებთან საერთო ძალზე ცოტა აქვს:
მკვდარი საფარი და ჰუმუსიანი ფენა ჩამორეცხილია, მომატებულია ხირხატიანობა-ქვიანობა,
შეინიშნება დაკორდების ნიშნებიც.
გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ჯაგრცხილნარი ცენოზები დიდ უმეტეს შემთხვევაში
მუხნარი ტყის სხვადასხვა ტიპის (ასოციაციის) ცენოზებიდან განვითარდა. მუხნარებთან მათ
სუქცესიურ კავშირზე მეტყველებს გავრცელება და ადგილსამყოფელის პირობები, ფლორისტული
მსგავსება (ფიტოცენოზური რელიქტები) და სხვ. გენეზისურად ახალგაზრდა და კალთაშეკრული
ჯაგრცხილნარი ცენოზების შემადგენლობაში საკმაოდ მრავლად მონაწილეობს მუხნარის დამახასიათებელი
სახეობები, კერძოდ: ხეებიდან (დაბალტანიანი და დაბუჩქული სახით) – ქართული მუხა, იფანი,
მინდვრის ნეკერჩხალი; ბუჩქებიდან – შინდი, ზღმარტლი, შინდანწლა, წერწა, ჯიქა, კვიდო
და სხვ.; ბალახებიდან – Achillea biserrata, Brachypodium silvaticum, Campanula
rapunculoides, Carex Buschiorum,
Clinopodium vulgare, Cynanchum rehmannii, Danae nudicaulis, Lithospermum purpureo-coeruleum, Luzula
multiflora, Melica uniflora, Poa nemoralis, Primula woronowii, Serratula
quinquefolia, Viola odorata და სხვ. ფლორისტული მსგავსება ჯაგრცხილნარებსა და მათ
წინამორბედ მუხნარებს შორის, გამოანგარიშებული მსგავსების (ჟაკარის) კოეფიციენტით
(k=100c/(a+b-c); a, b – სახეობათა რაოდენობა
შესადარებელ ფიტოცენოზებში, c – საერთო სახეობათა რაოდენობა) შეადგენს საშუალოდ
40-60%. შედარებით დაბალია (1020%) მსგავსება მუხნარების და დეგრადირებული ჯაგრცხილნარების
ფლორებს შორის. ამ ტიპის ჯაგრცხილნარი ცენოზების ფლორისტულ შემადგენლობაში სჭარბობს
სახეობები, რომლებიც ქსეროფილური ბუჩქნარებისა და სტეპებისათვის არის დამახასიათებელი
- Botriochloa ischaemum, Campanula alliariaefolia, Colutea orientalis,
Coronilla orientalis, Dianthus subulosus, Euphorbia sequeriana, Galium verum,
Satureja laxiflora, Silene italica, Teucrium chamaedrys, T. polium, Tragopogon
graminifolius და სხვ.
ჯაგრცხილნარების უმეტესობა (გარდა დეგრადირებული ვარიანტებისა)
ხასიათდება საკმაოდ მაღალი შეკრულობით (პროექციული დაფარულობა საშუალოდ 60-80%). ცენოზები
საკმაოდ მდგრადია, რაც ედიფიკატორის (ჯაგრცხილას) ბიოეკოლოგიური თავისებურებებითაა
განპირობებული (განსაკუთრებით – უხვი ამონაყრის განვითარების უნარით). ზომიერი ანთროპოგენური
ზეწოლის პირობებში (ამორჩევითი ჭრა შეშისათვის, რეგულირებული ძოვება) ჯაგრცხილნარი
ცენოზები ხანგრძლივად არსებობს ერთსა და იმავე ადგილზე, სადაც მნიშვნელოვან დაცვით
(ეროზიასაწინააღმდეგო, წყალმარეგულირებელ) ფუნქციებს ასრულებს.