I ნაწილი
აღმოსავლეთ საქართველოს ძირეული ტყეების
მთავარი ფორმაციების ანთროპოგენური სუქცესიები
აღმოსავლეთ საქართველოს ძირეული ტყეების ფორმაციებს შორის დომინირებს
ქართული მუხის (Quercus iberica) ტყე (მუხნარი) და აღმოსავლური წიფლის (Fagus
orientalis) ტყე (წიფლნარი). საქართველოს ძირეული ტყეების უძველესი ფორმაციები – აღმოსავლური
ნაძვის (Picea orientalis) და კავკასიური სოჭის (Abies nordmanniana) ტყეები (ნაძვნარი, სოჭნარი, ნაძვნარ-სოჭნარი,
წიფლნარ-სოჭნარი და სხვ.) აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია, ძირითადად, დასავლურ
(კოლხეთის მოსაზღვრე) ნაწილში (ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონი, მდ. დიდი ლიახვის ხეობა).
ნაძვნარები და ნაძვის სიჭარბით ტყეები (წიფლნარ-ნაძვნარი, სოჭნარ-ნაძვნარი) საკმაოდ
ფართო გავრცელებას აღწევს ცენტრალურ თრიალეთზეც, გვხვდება აღმოსავლეთ თრიალეთზეც (მდ.
ალგეთის ზემო წელის აუზი).
აღნიშნულ ტყეებზე, როგორც სატყეო მეურნეობის უმთავრეს ობიექტებზე, ანთროპოგენური
ზემოქმედების მასშტაბები, ცხადია, ყოველთვის მაღალი იყო. იგი განსაკუთრებით ძლიერი
და ხანგრძლივი იყო აღმოსავლეთ საქართველოს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, ძირითადად
ბარში და მთის ქვედა სარტყელში, აგრეთვე – გზების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების
(კულტურული მცენარეულობა, ბუნებრივი სათიბ-საძოვრები) მოსაზღვრე ტყიან ტერიტორიაზე.
ამასთან დაკავშირებით, პირველადი ძირეული ტყეების ანთროპოგენურ-დიგრესული სუქცესიებიც
ყველაზე მასშტაბურად სწორედ ამ ტერიტორიაზე განხორციელდა.
წინამდებარე ნაშრომის I ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ზემოაღნიშნული 4 ფორმაციის
ტყეების ანთროპოგენურ სუქცესიებს აღმოსავლეთ საქართველოში. განსახილველი სა
კითხის მოცულობის ამგვარი შეზღუდულობა განპირობებულია,
ძირითადად, საკითხის შესწავლილობის დონით, როგორც საერთოდ, ისე პირადად ჩვენი მონაწილეობითაც.