3. მუქწიწვიანი ტყეები
სოჭნარი (Abies nordmanniana) და ნაძვნარი (Picea orientalis) საქართველოს
ძირეული ტყეების მთავარ ფორმაციებს მიეკუთვნება. წმინდა სოჭნარებს და სოჭის სიჭარბით
ტყეებს (წიფლნარ-სოჭნარი, ნაძვნარ-სოჭნარი, წიფლნარ-ნაძვნარ-სოჭნარი) საქართველოში
დაახლოებით 190 ათასი ჰა ფართობი უკავია, ხოლო წმინდა ნაძვნარებს და ნაძვის სიჭარბით
ტყეებს (სოჭნარ-ნაძვნარი, წიფლნარ-ნაძვნარი) – დაახლოებით 138600 ჰა ფართობი.
სოჭნარი და ნაძვნარი ტყეების დიდი უმეტესობა განვითარებულია დასავლეთ
საქართველოში, საშუალო და დიდი დაქანების ფერდობებზე, ზ. დ. 800-900 მ-დან
20002200 მ-მდე. ნაძვნარები და ნაძვის სიჭარბით ტყეები აღმოსავლეთ საქართველოშიც ვრცელდება,
სადაც საკმაოდ მოზრდილი ფართობი უკავია ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონში, მდ. ტანას და თეძამის
ხეობებში, მდ. დიდი ლიახვის ხეობაში, მდ. ალგეთის სათავეებში.
პალეობოტანიკური კვლევებით დადგენილია, რომ შუა საუკუნეებში მუქწიწვიანი
ტყეები ევრაზიის კონტინენტის ზომიერ სარტყელში ტერიტორიის უმეტეს ნაწილს იჭერდა. ამ
ტყეების ფართობის შემცირება ინტენსიურად წარიმართა ბოლო სამი საუკუნის მანძილზე. ამ
პერიოდში განხორციელდა მუქწიწვიანი ტყეების აქტიური ცვლა ფოთლოვანი ტყეებით (წიფლის,
რცხილის, მუხის, არყის და ტყის სხვა ფორმაციებით), ასევე დროებითი ფიჭვნარებით და ტყისშემდგომი
მცენარეულობით (ბუჩქნარები, მდელოები).
ანალოგიური პროცესები განხორციელდა საქართველოშიც. მცენარეული საფარის
ისტორიის მკვლევართა მიერ (მარგალიტაძე, 1969; შატილოვა, რამიშვილი, 1990; საქართველო
ანთროპოგენში, 1991; ქვაჩაკიძე, 2002, და სხვ.) დადგენილია, რომ მუქწიწვიანი ტყეების
ცვლა ფოთლოვანი ტყეებით ინტენსიურად წარიმართა შუა და გვიან ჰოლოცენში, ხოლო მუქწიწვიანი
ტყეების ფართომასშტაბიანი ცვლა ტყისშემდგომი ბუჩქნარებითა და მდელოებით, ძირითადად,
უკანასკნელ (მე-19, მე-20) საუკუნეებში განხორციელდა და იგი პრაქტიკულად მთლიანად ადამიანის
არარაციონალურ სამეურნეო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული (ტყეების პირწმინდა ჭრა,
ხანძრები). გამოკვლევებით (მახათაძე, 1938; მეტრეველი, 1949; მირზაშვილი, 1950; აზმაიფარაშვილი,
1958; დოლუხანოვი, 1958; ბახსოლიანი, 1962, და სხვ.) დადგენილია, რომ მუქწიწვიანი ტყეების
ინტენსიური ცვლა ფოთლოვანი ტყეებით, ფიჭვნარებით და ტყისშემდგომი ბუჩქნარებით და მდელოებით
მასშტაბურად წარიმართა თრიალეთის მთაგრეხილის ხეობებში (თეძამის, ტანას, ნეძვის, ბორჯომის).
უფრო ადრე ეს პროცესები განხორციელდა აღმოსავლეთ თრიალეთზე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ
კავკასიონზე (დოლუხანოვი, 1958, 1964; ქვაჩაკიძე, 2002, და სხვ.). ყოველივე ამან განაპირობა
მუქწიწვიანი ტყეების ბუნებრივი არეალის აღმოსავლური ნაწილის (სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი
ნაწილი) მკვეთრი შემცირება.
საქართველოს მუქწიწვიანი ტყეების დიდი ნაწილის სტრუქტურა, ადამიანის არარაციონალური
სამეურნეო საქმიანობის გავლენით, მეტ-ნაკლებად სახეცვლილია (დეგრადირებულია), რაც უარყოფითად
აისახება როგორც უშუალო ეკონომიკურ მაჩვენებლებში, ისე ტყეების მიერ ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი)
ფუნქციების შესრულებაში. დღევანდელ სამეურნეო მუქწიწვიან ტყეებში (ისევე როგორც წიფლნარებში)
მერქნის საერთო მარაგი (ძირზე) საშუალოდ 2-3 ჯერ ნაკლებია, ვიდრე სადღეისოდ ჯერ კიდევ
შემორჩენილ პრაქტიკულად ხელუხლებელ სოჭნარებში და ნაძვნარებში გვაქვს (უკანასკნელი
ძირითადად გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, აჭარის ზღვისპირა ნაწილში; გიგაური,
2000). გამეჩხერებული (სიხშირე და კალთაშეკრულობა 0,5 და ნაკლები) სოჭნარი და ნაძვნარი
ტყეები, რომელთა ფართობი მუქწიწვიანი ტყეების საერთო ფართობის დაახლოებით ნახევარს
შეადგენს, სუსტად ასრულებს გარემოსდაცვით (ნიადაგდაცვით, წყალმარეგულირებელ და სხვ.)
ფუნქციებს, რაც ქვეყნის ნაყოფიერი ნიადაგების და მტკნარი წყლის რესურსების დიდ უმიზნო
დანაკარგებს იწვევს.
აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი ჩრდილისამტანი სახეობებია, რაც
განსაკუთრებით მაღალია მოზარდის სტადიაზე. თ.ჯაფარიძის (1977) მიხედვით, სოჭის მოზარდი
ძლიერი დაჩრდილვის პირობებში (ტყის საბურვლის ქვეშ) 70 წლამდე ძლებს, ნაძვის მოზარდი
– 80 წლამდე. ამ ასაკში სოჭის მოზარდი შეიძლება 80 სმ სიმაღლეს არ აღემატებოდეს. ავტორის
მიხედვით, ამის შემდეგ საჭიროა განათების მკვეთრი მატება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდი
ზრდას წყვეტს და მალე იღუპება კიდეც.
გამოკვლევებით (ორლოვი, 1951; გულისაშვილი, 1957; ჯაფარიძე. 1977, და
სხვ.) დადგენილია, რომ სოჭისა და ნაძვის მოზარდი ბუნებრივ ტყეებში ნელა იზრდება
15-20 წლამდე (10 წლამდე – ტყის ფანჯრებშიც; სვანიძე და სხვ., 1972). ამის შემდეგ მოზარდს
ესაჭიროება განათების მატება, რათა ზრდის ინტენსივობა მკვეთრად გაიზარდოს და ნორმალურ ხედ ჩამოყალიბდეს. ამავე ავტორთა მონაცემებით,
სოჭისა და ნაძვის აღმონაცენი ვითარდება ტყის მაღალი (0,8-0,9) სიხშირის პირობებშიც,
მაგრამ აღმონაცენიდან მოზარდის ფორმირება (ზრდა) ოპტიმალურია ტყის საშუალო ზომის ფანჯრებში
(დიამეტრი 17-20 მ). მოზარდის ზრდა ნორმალურად მიმდინარეობს ტყის საბურველქვეშაც, თუ
ტყის სიხშირე და კალთაშეკრულობა შედარებით დაბალია (0,5-0,7 ფარგლებში). დიდი ზომის
(დიამეტრი 25-30 მ) ტყის ფანჯრებში ნაძვისა და სოჭის აღმონაცენი იღუპება გაზაფხულის
და შემოდგომის წაყინვების და ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, და, ცხადია,
ასეთი ზომის ფანჯრებში (ასევე ტყის ველობებზე) ნაძვი და სოჭი ბუნებრივად ვერ განახლდება.
ნაძვისა და სოჭის ახალი გენერაციის ბუნებრივად ფორმირების (მუქწიწვიანი
ტყეების ფიტოცენოზების ბუნებრივი განახლების) ზემოაღნიშნული თავისებურებანი მეცნიერულ
საფუძვლად დაედო მუქწიწვიან ტყეებში ჭრის ოპტიმალური მეთოდების (ე. წ. განახლებითი
ჭრების სისტემის) დამუშავებას. სადღეისოდ ოპტიმალურად ითვლება ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა:
20-მდე დაქანებულ ფერდობებზე 1 ჰა ტყეში იქმნება 15-20 მ დიამეტრის 5-6 ფანჯარა, დაახლოებით
თანაბარი განაწილებით (ე. წ. ბავარიული მეთოდი); 20-30-ით დაქანებულ ფერდობებზე 1
ჰა ტყეში იქმნება 8-10 მ დიამეტრის 8-10 ფანჯარა, ასევე თანაბარი განაწილებით (ე. წ.
შვეიცარული მეთოდი). ჭრის ეს წესი (მეთოდი) უზრუნველყოფს სამეურნეო მუქწიწვიანი ტყეების
ნაირხნოვანობას (ფანჯრები ტყეში იქმნება სხვადასხვა დროს), რომელიც შეესატყვისება
(ანალოგიურია) ხელუხლებელ მუქწიწვიან ტყეებში ბუნებრივად არსებულ ნაძვისა და სოჭის
პოპულაციების ასაკობრივად დაბალანსებას (ნაირხნოვანობას).
დეგრადირებული მუქწიწვიანი ტყეების აღდგენა (ფიტოცენოზების ბუნებრივი
ან მასთან მიახლოებული სტრუქტურის აღდგენა, ტყის კორომების პროდუქტიულობის ამაღლება)
და მუქწიწვიანი ტყეების ნაალაგევზე ფორმირებული მეორადი (წარმოებული) ტყეების და ტყისშემდგომი
მცენარეულობის (ბუჩქნარები, მთის მდელოები) რეკონსტრუქცია ძირეულ (ნაძვნარ, სოჭნარ)
ტყეებად ქვეყნის სატყეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მეცნიერული გამოკვლევების
საფუძველზე დამუშავებულია ამ პრობლემის გადაწყვეტის მეთოდები და ზოგადი ტექნოლოგიური
სქემები, რომლებიც შემდეგნაირად არის წარმოდგენილი:
3.1 მუქწიწვიანი ტყეები მარადმწვანე ქვეტყით
სოჭნარებში, ნაძვნარებში, ნაძვნარ-სოჭნარებში, წიფლნარ-სოჭნარებში, წიფლნარნაძვნარებში,
წიფლნარ-ნაძვნარ-სოჭნარებში არაიშვიათად განვითარებულია მარადმწვანე ქვეტყე – წყავის,
ჩვეულებრივი შქერის, ჭყორის, უნგერნის შქერის (ლოკალურად) მიერ. გვხვდება როგორც პირველადი
ფიტოცენოზები, ისე ნაწარმოებიც (სხვადასხვა ასოციაციების ფიტოცენოზების დეგრადირების
პროცესში ფორმირებული). მარადმწვანე ქვეტყიან მუქწიწვიან ტყეებში ედიფიკატორები – ნაძვი
და სოჭი ბუნებრივად ძალზე სუსტად განახლდება (გვხვდება მცირე რაოდენობის მოზარდი),
ან განახლება პრაქტიკულად შეწყვეტილია.
აღნიშნულ ფიტიცენოზებში ხეთა იარუსის (საბურვლის) შეკრულობა მეტწილად
დაბალია (0,3-0,6 ფარგლებში), რის გამოც ქვეტყე მძლავრ განვითარებას აღწევს (მისი პროექციული
დაფარულობა ხშირად 90-100% შეადგენს). არის დიდი ალბათობა იმისა, რომ განვითარდეს და
გაღრმავდეს დიგრესულ-სუქცესიური პროცესები (ბუნებრივადაც), რომლის შედეგად ტყეების
ადგილზე ჩამოყალიბდება ტყისშემდგომი ბუჩქნარები – წყავიანები, შქერიანები და სხვ.
მარადმწვანე ქვეტყიანი მუქწიწვიანი ტყეების ცენოზების მდგრადი განვითარების
(სტაბილურობის) უზრუნველყოფა მოითხოვს ედიფიკატორების (ნაძვი, სოჭი, წიფელი) განახლების
ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. რეკომენდებულია მძლავრად განვითარებული ქვეტყის
რეგულირება (სრული ამოძირკვა ან ძალზე შესუსტება) პარალელურ ზოლებში (ზოლის სიგანე
2,5-3,0 მ, ზოლთაშორისი მანძილიც იგივეა). აღნიშნულ ზოლებში ირგვება ნაძვის, სოჭის
და წიფლის ნერგი. ამ სახეობების მოზარდის ფორმირება შესაძლოა ბუნებრივადაც განხორციელდეს
სპეციალურად მომზადებულ (ქვეტყისაგან გაწმენდილ) ზოლებში.
3.2 მუქწიწვიანი ტყეები ფოთოლცვენია
ბუჩქების ქვეტყით
სოჭნარებში, ნაძვნარებში, ნაძვნარ-სოჭნარებში,
რომლებშიც განვითარებულია საკმაოდ მაღალი შეკრულობის ქვეტყე ფოთოლცვენია ბუჩქებისაგან
(კავკასიური მოცვი, იელი, მაყვალი), ედიფიკატორების (სოჭი, ნაძვი, წიფელი) ბუნებრივი
განახლება სუსტია ან პრაქტიკულად შეწყვეტილია. იგი განპირობებულია, ძირითადად, ქვეტყის
მაღალი სიხშირითა და დაფარულობით (ზოგან – ტყის საბურვლის მაღალი შეკრულობითაც).
ბუნებრივი განახლების გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ქვეტყის გაკაფვა
პარალელურ ზოლებად (ზოლის სიგანე 2-3 მ, ზოლთაშორისი მანძილი 3 მ-მდე). თუ ტყის კორომების
სოხშირე და საბურვლის შეკრულობა მაღალია (0,8-0,9), იმავდროულად უნდა ჩატარდეს მათი
შემცირება ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით-ამორჩევითი ჭრით (სიხშირე დაიყვანება 0,6-მდე).
ქვეტყისაგან გაწმენდილ ზოლებზე ედიფიკატორები (სოჭი, ნაძვი, წიფელი) ბუნებრივად ფორმირდება.
ამ პროცესის (განახლების) დაჩქარების მიზნით მიზანშეწონილია ფანჯრებში და ტყის მეჩხერ
უბნებში გავაშენოთ სოჭის, ნაძვის და წიფლის წმინდა ან შერეული კულტურები.
3.3 მუქწიწვიანი ტყეები წვრილი ბალახების,
ხავსების და მკვდარი საფარით
ამ ჯგუფში გაერთიანებულია ნაძვნარი, სოჭნარი, ნაძვნარ-სოჭნარი, წიფლნარ-სოჭნარი
და წიფლნარ-ნაძვნარი ტყეების ის ასოციაციები, რომელთა ფიტოცენოზების (ტყის თანასაზოგადოებების)
ცოცხალ საფარში დომინირებს დაბალმოზარდი ბალახები, კერძოდ, ნაირბალახებიდან – ჩიტისთვალა,
ქრისტესბეჭედა, მჟაველა; მარცვლოვნები და ისლებიდან – მთის წივანა, ტყის თივაქასრა,
ბრძამი, ტყის ისლები, ისლურა; აქვე გაერთიანდება ტყის ხავსების საფრიანი და მკვდარსაფრიანი
ტყის ცენოზები. აღნიშნული ასოციაციების ფიტოცენოზებში ედიფიკატორები (სოჭი, ნაძვი,
წიფელი) ნორმალურად განახლდება (ბუნებრივად წარმოიშობა აღმონაცენი, ვითარდება მოზარდი).
ამის გამო განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება აქ საჭირო არაა. საკმარისია
ჩატარდეს პროგრესული მეთოდებით ჭრა (ნებით-ამორჩევითი, ჯგუფურ-ამორჩევითი), რომელიც
გააუმჯობესებს ტყის საბურველქვეშ განათებას და უზრუნველყოფს მოზარდის ნორმალურ ზრდას.
3.4 მუქწიწვიანი ტყეები ფართოფოთოლა ბალახების,
მაღალბალახების და გვიმრების საფარით
ჯგუფში გაერთიანებულია სოჭნარი, ნაძვნარი, ნაძვნარ-სოჭნარი, წიფლნარ-სოჭნარი
და წიფლნარ-ნაძვნარი ტყეების ის ასოციაციები, რომელთა ფიტოცენოზების ცოცხალ (ბალახეულ)
საფარში დომინირებს მაღალბალახების, მაღალმოზარდი გვიმრების და ფართოფოთოლა ტყის ბალახების
წარმომადგენლები (ხარისშუბლა, ყინტორა, ჩადუნა, მდედრობითი გვიმრა, ანჩხლა და სხვ.),
ზოგან თანადომინანტის როლში გვხვდება მაყვალიც. ტყის აღნიშნული ცენოზები (ტყის კორომები)
ხასიათდება შედარებით დაბალი სიხშირითა და სუსტი კალთაშეკრულობით, ხშირად გვხვდება
ველობები და დიდი ფანჯრებიც. ტყის ედიფიკატორების (სოჭი, ნაძვი, წიფელი) ბუნებრივი
განახლება სუსტია, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს დიგრესული სუქცესიების (ცვლა ტყისშემდგომი
მცენარეულობით) განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
ტყის აღნიშნული ასოციაციების ფიტოცენოზები მეტწილად მთის ზედა და სუბალპურ
სარტყელშია გავრცელებული და, ამდენად, მათი გარემოსდაცვითი (ეკოლოგიური) ფუნქციები
მაღალია. ფიტოცენოზთა მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა (არეალის შენარჩუნება) საჭიროებს
ედიფიკატორთა განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას. რეკომენდებულია
ტყის დიდ ფანჯრებში და ველობებზე ტყეკულტურების გაშენება (ძირითადად – სოჭი, წიფელი,
მაღალმთის ნეკერჩხალი). ასევე რეკომენდებულია ტყის საბურველქვეშ ცოცხალი საფარის შესუსტება
ან მთლიანად მოცილება პარალელურ ზოლებში (ზოლის სიგანე 2 მ, ზოლთაშორისი მანძილი
3-4 მ) და მსხვილი ნერგის (0,7-1,0 მ; იგივე სახეობები) რგვა.
3.5 წარმოებული (დროებითი) ფიჭვნარი,
რცხილნარი, ვერხვნარი, არყნარი
მუქწიწვიანი ტყეების ნაალაგევზე განვითარებულია (ძირითადად დასავლეთ საქართველოში
და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლურ რეგიონებში) დროებითი (მეორადი) ტყის ფორმაციები
– ფიჭვნარი, რცხილნარი, უფრო იშვიათად – ვერხვნარი, არყნარი. მათი ფორმირება დაკავშირებულია
მუქწიწვიანი ტყეების პირწმინდა ჭრასთან და ხანძრებთან.
აღნიშნული დროებითი ტყეების ცვლა წინამორბედი ძირეული ტყით (ნაძვნარით,
სოჭნარით) საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ბუნებრივად. საქართველოს მუქწიწვიანი ტყეების
მთელ ბუნებრივ არეალზე არის გამოსახული ეს პროცესები (აღდგენითი ცვლები). მათი მნიშვნელოვანი
დაჩქარება შესაძლებელია ჭრის პროგრესული მეთოდების გამოყენებით (ამორჩევითი, მოვლითი
ჭრა). წარმოებული (მეორადი) ტყეების იმ ფიტოცენოზებში (ტყის კორომებში), რომლებშიც
განვითარებულია ხშირი ქვეტყე მარადმწვანე ან ფოთოლცვენია ბუჩქებისაგან (წყავი, შქერი,
იელი, კავკასიური მოცვი, მაყვალი და სხვ.), აუცილებელია ძირეული ტყის აღდგენის ღონისძიებათა
გატარება. ამ მიზნით რეკომენდებულია პარალელურ ზოლებად გაიჩეხოს ქვეტყე (ზოლის სიგანე
2-3 მ, ზოლთაშორისი მანძილი 3-4 მ), ხოლო ზოლებში დაირგოს მუქწიწვიანთა (ნაძვი, სოჭი)
და წიფლის მსხვილი ნერგი (0,5-1,0 მ სიმაღლის).
3.6 ტყისშემდგომი მცენარეულობის
რეკონსტრუქცია
მუქწიწვიანი ტყეების ნაალაგევზე (პირწმინდა ნაჩეხი, ნახანძრალი) სადღეისოდ
განვითარებულია ფიტოცენოლოგიურად მრავალფეროვანი მცენარეულობა. მათ შორის შედარებით
მეტი ფართობი უკავია წყავიანებს, შქერიანებს, მთისა და სუბალპურ (მეორად) მდელოებს.
ტყისშემდგომი მცენარეულობის რეკონსტრუქციის (კვლავ ძირეული ტყის აღდგენის)
პრობლემა ერთ-ერთი ურთულესია, იგი საჭიროებს დეტალურ ეკოლოგიურ და ფიტოცენოლოგიურ გამოკვლევას,
რათა დადგინდეს ოპტიმალური ვარიანტები (ასორტიმენტი, ტექნოლოგია). ზოგადი ტექნოლოგიური
სქემები ითვალისწინებს ტყისშემდგომ მცენარეულობაში პარალელური ზოლების გამოყოფას, ზოლების
დამუშავებას (მცენარეულობის ამოძირკვა) და აღსადგენი ტყის სახეობების (ნაძვი, სოჭი,
წიფელი) მსხვილი ნერგის რგვას.
მუქწიწვიანი ტყეების ბუნებრივი არეალის ზემო ნაწილში
(მთის ზედა სარტყელი, სუბალპური სარტყელი), სადაც მუქწიწვიანი ტყის ფორმაციების აღდგენისა
და რეკონსტრუქციის პრობლემა ყველაზე უფრო აქტუალურია
და, ამასთანავე, რთულია პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით, რეკომენდებულია ძირეული
ტყე აღდგენილი იქნას კავკასიური ფიჭვის კულტურების გამოყენებით, სახელდობრ: ბუჩქნარების
და მდელოების რეკონსტრუქცია თავდაპირველად ხორციელდება ფიჭვნარებად; 40-50 წლიან ხელოვნურ
ფიჭვნარებში ბუნებრივად ჩაინერგება მუქწიწვიანები (ნაძვი, სოჭი) და წიფელი. ძირეული
ტყის აღდგენა ფიჭვნარის სტადიის გავლით ეკონომიკურად გაცილებით მომგებიანია.