II ნაწილი
ძირეული ტყეების აღდგენა და რეკონსტრუქცია
1. ქართული მუხის მუხნარები
საქართველოს ძირეული ტყეების ფორმაციათაგან ადამიანის სამეურნეო საქმიანობის
გავლენით ერთ-ერთი ყველაზე მეტად «დაზარალებული» _ ქართული მუხის (Quercus iberica)
ტყეებია (ფორმაცია – მუხნარი). საქართველოს ბარში ქართული მუხის ტყე სადღეისოდ თითქმის
აღარსადაა შემორჩენილი, გარდა აქა-იქ გაფანტული ცალკეული ხეებისა და მომცრო კორომებისა.
პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა და ტყისშემდგომი მცენარეულობით (ჯაგრცხილნარი, ნაირბუჩქნარი,
ძეძვიანი, გრაკლიანი, მეორადი სტეპები) შეიცვალა ქართული მუხის ტყე მთისწინებზეც. სადღეისოდ
ქართული მუხის ტყე შემორჩენილია ფორმაციის ბუნებრივი არეალის ზემო ნაწილში – ზ. დ.
600-700 მ-დან 1000-1100 მ-მდე. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში (სვანეთი, რაჭა, თრიალეთის
ქედის ჩრდილო კალთა და სხვ.) ქართული მუხის ტყის მოზრდილი დაჯგუფებები გვხვდება უფრო
მაღლაც – ზ. დ. 1400-1600 მ-მდე.
ძირეული მუხნარები, რომლებიც ქართული მუხის საქართველოს არეალში ისტორიულ
წარსულში წარმოდგენილი იყო მაღალტანიანი და მაღალპროდუქციული კორომებით, აღარსად შემორჩა.
მათ ადგილზე სადღეისოდ გვხვდება დაბალტანიანი, დაბალპროდუქტიული, ძირითადად ამონაყრით
განახლებადი, ე. წ. მეორადი მუხნარები, რომელთა ფიტოცენოლოგიური სტრუქტურის ფორმირება
განხორციელდა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის (ანთროპოგენური წნეხის) პირობებში. ამდენად,
იგი არ შეესაბამება ბუნებრივი პირველადი მუხნარების ფიტოცენოლოგიურ სტრუქტურას, მის
უმთავრეს პარამეტრებს (ფიტოცენოზების სახეობრივი შედგენილობა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური
სტრუქტურა), განახლების (კვლავწარმოების) ბუნებრივ მსვლელობას, პროდუქტიულობას, ტყის
სხვა ფორმაციებთან ურთიერთობის (სუქცესიური განვითარების) ხასიათს.
მეორადი (უმთავრესად ამონაყრითი) მუხნარები ხასიათდება დაბალი პროდუქტიულობით
(მერქნის მცირე წლიური შემატება; მერქნის საერთო მარაგი ერთ ჰა-ზე მეტწილად 70-100
მ3 ფარგლებში ცვალებადობს). იგი განპირობებულია, ძირითადად, ქართული მუხის პოპულაციების
გენეტიკური დაკნინებით (მრავალჯერადი ამონაყრითი თაობები). ამონაყრითი მუხნარების დღევანდელი
თაობები აღარ შეესაბამება არც ქართული მუხის (სახეობის) ბიოლოგიურ პოტენციურ შესაძლებლობას,
არც მუხნარების ქვეშ განვითარებული ნიადაგების (ძირითადად ტყის ყავისფერი და ყომრალი,
საკმაოდ მაღალი ნაყოფიერებით გამორჩეული) შესაძლებლობებს. მეორადი (ამონაყრითი) მუხნარები,
გარდა მცენარეული რესურსების (მერქანი და სხვა) სიმწირისა, ხასიათდება დაქვეითებული
გარემოსდაცვითი უნარით, რაც მათი დარღვეული სტრუქტურით არის განპირობებული (კორომების
დაბალი სიხშირე, სუსტი კალთაშეკრულობა, სუსტად განვითარებული მკვდარი საფარი).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: საქართველოს ამონაყრითი
მუხნარები საჭიროებს ნორმალური, მუხნარისათვის ბუნებრივად დამახასიათებელი ფიტოცენოლოგიური
სტრუქტურის აღდგენას, პროდუქტიულობის ამაღლებას, გარემოსდაცვითი (ეკოლოგიური) ფუნქციების
გაუმჯობესებას. ყველა ეს საკითხი ურთიერთკავშირშია და მათი გადაჭრის მეთოდიც საერთოა.
ესაა – ამონაყრითი (მეორადი) მუხნარების შეცვლა (რეკონსტრუქცია) თესლითი (თესლით –
რკოთი წარმოშობილი მუხის ხეებით ფორმირებული) მუხნარებით.
ამოცანა აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში
მსგავსი პრობლემებია მუხნარი ტყეებისადმი მიმართებაში. ზოგიერთ ქვეყანაში (ძირითადად
ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში) უკვე მიმდინარეობს დეგრადირებული (არასწორი სამეურნეო
საქმიანობით ტრანსფორმირებული) მუხნარების (მუხის სხვადასხვა სახეობის მიერ შექმნილი
ტყეების) აღდგენა-რეკონსტრუქცია.
ცნობილია, რომ მუხის (საქართველოში გავრცელებული ყველა სახეობის) თესლით
გამრავლება დედისეული საბურვლის ქვეშ (მუხნარის თესლით განახლება) ძნელად მიმდინარეობს,
უმეტეს შემთხვევებში პრაქტიკულად გამორიცხულია. ამ მოვლენას მეცნიერები უკავშირებენ
მუხის სახეობების მაღალ სინათლისმოყვარულობას, რის გამოც მუხის მოზარდის ზრდა-განვითარება
დაბალი სინათლის პირობებში (ტყის საბურველქვეშ) იზღუდება და ადრეულ ასაკშივე წყდება
(მოზარდი იღუპება). მუხის ტყის კორომებში აღმონაცენ-მოზარდის განვითარების გამოკვლევის
შედეგად საინტერესო დასკვნებია მიღებული ს.ჭითაშვილის (1974) მიერ. ავტორის მიხედვით,
ტყის საბურველქვეშ მუხის აღმონაცენ-მოზარდის განვითარების ეკოლოგიურ-ფიზიოლოგიური არსი
უშუალოდ უკავშირდება განათების ინტენსივობას (ფიზიოლოგიურად აქტიურ რადიაციას). ავტორი
დაასკვნის, რომ ქართული მუხის აღმონაცენი ვითარდება მუხის ტყის მაღალი (0,8) სიხშირის
პირობებშიც კი, როცა საბურველქვეშ სინათლის ინტენსივობა 16ჯერ (დღის უმეტეს პერიოდში
კი უფრო მეტად) დაბალია ღია ადგილზე სინათლის ინტენსივობასთან (სინათლის სრული ინტენსივობა)
შედარებით. ამ პერიოდში ფიზიოლოგიურად აქტიური რადიაცია აღმონაცენის საკომპენსაციო
პუნქტის დონეზეა ან მასზე დაბალიცაა. ასეთ ვითარებაში მუხის აღმონაცენი, თუმცა იგი
გადადის მოზარდის სტადიაში, მაგრამ 4 წელზე მეტ ხანს ვერ ძლებს, მე-5 წელს მოზარდი
ფოთლებს აცვენს და ხმება. დედისეული საბურვლის შეკრულობის (ტყის სიხშირის) რეგულირებით
(შემცირებით), ასევე ქვეტყისა და ბალახეული საფარის ხელოვნური შესუსტებით (გამოხშირვით),
შესაძლებელია მუხის მოზარდს უკვე მე-3-4 წელს შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები (განათებულობის
გაუმჯობესება ტყის საბურველქვეშ) ნორმალური ზრდისათვის. მუხის მოზარდის ზრდის დაჩქარებისას (ე. წ. საიმედო მოზარდის დონემდე მიღწევისას),
ავტორს შესაძლებლად მიაჩნია დედისეული საბურვლის (მუხის ხეების) სრული ლიკვიდაცია.
ანალოგიური გამოკვლევები, ასევე გამოკვლევები ქართული მუხის ეკოლოგიური,
ბიოლოგიური, ფიტოცენოლოგიური თავისებურებების შესასწავლად, გამოკვლევათა შედეგად მიღებული
მეცნიერული დასკვნები წარმოადგენს საიმედო (მეცნიერულ) საფუძველს – საქართველოს ამონაყრითი
მუხნარების თესლითი მუხნარებით შესაცვლელად, შესაბამისი მეთოდიკისა და ტექნოლოგიის
დასამუშავებლად.
საყურადღებოა საქართველოში გასული (მე-20) საუკუნის მიწურულს შექმნილი
და დანერგილი ტექნოლოგია (ე. წ. «გურჯაანის გამოცდილება»): დეგრადირებულ (ამონაყრით)
მუხნარში ტარდება პირწმინდა ჭრა მცირე ფართობებზე. ფართობი შეიძლება იყოს 400 მ2-დან
(დიდი დაქანების ფერდობებზე) 1600 მ2-მდე (მცირე დაქანების ფერდობებზე). ამ გზით მუხნარში
იქმნება ხელოვნური ფანჯრები (ყალთაღები), 1 ჰა-ზე 3-დან 5მდე. ყალთაღებში, ნიადაგის
სპეციალური დამუშავების გარეშე (რკინის პალოს გამოყენებით) ირგვება მუხის მოზარდი
(ნერგი). ამ მეთოდს ჯგუფურ-თარგულ მეთოდსაც უწოდებენ.
აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლოა გაუმჯობესდეს, კერძოდ, ხელოვნურ თუ ბუნებრივ
ფანჯრებში (ტყის ყალთაღებში) განხორციელდეს მუხის ნერგის (2-წლიანი, ზოგან
მსხვილი ნერგიც) ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებები. კერძოდ, ნაკვეთი გაიწმინდოს ბუჩქებისა
და ბალახებისაგან, ნიადაგიც გაფხვიერდეს.
არსებობს სხვა ტექნოლოგიური სქემებიც, რომელთა მიხედვით მუხის ნერგის
რგვა ხორციელდება ტყეში შექმნილ სპეციალურ სარგავ ზოლებზე (ზოლის სიგანე და ზოლთაშორისი
მანძილი განისაზღვრება ფერდობის დაქანების მიხედვით).
დეგრადირებული მუხნარების აღდგენა-რეკონსტრუქციის მიზნით რეკომენდებულია
თესლის (რკოს) მოთესვის მეთოდიც (რგვის ნაცვლად). ამ მეთოდის უპირატესობა ეჭვსგარეშეა:
მუხის მოზარდი წარმოიქმნება მუდმივ ადგილზე, რაც მისი ბიოლოგიური პოტენციალის სრულად
გამოვლენის საშუალებას იძლევა (რგვის დროს მუხის მოზარდის მთავარი ფესვი იჭრება – იკვეცება,
რაც ხის ონტოგენეზში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს). მუხის მოთესვის მეთოდის გამოყენებისას
ყურადღება ექცევა დასათეს ადგილებში ნიადაგის წინასწარ დამუშავებას, ასევე თესლის დამუშავებასაც
(სტრატიფიკაცია, შეწამვლა), შესაძლებლობის მიხედვით შეიძლება რწყვა და სასუქების გამოყენებაც.
დეგრადირებულ მუხნარებში შექმნილი მუხის ნარგაობის და ნათესარის ნორმალური
განვითარებისათვის რეკომენდებულია მოვლის (მუხის «აღზრდის») სპეციალური წესები (გათოხნა,
ნიადაგში მიკოფლორის შეტანა, მოვლითი და განათებითი ჭრები და სხვ.).
ზემოაღნიშნული მეთოდების და ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელია მუხნარის
ბუნებრივი არეალის ფარგლებში ჩამოყალიბებული ტყისშემდგომი ბუჩქნარების რეკონსტრუქციის
მიზნითაც.
მუხნარების ანთროპოგენურ-დიგრესული რიგების ადრეულ სტადიებზე (ჯაგრცხილნარი,
ნაირბუჩქნარი, ძეძვიანი, გრაკლიანი და სხვ.), სადაც ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად შემორჩენილია
ტყის ნიადაგი (მუხის შესაბამისი მიკოფლორაც), სპეციალურ სარგავ-სათეს ზოლებზე და ნაკვეთებზე
შესაძლებელია შევქმნათ მუხის კულტურები (ხელოვნური ნარგაობა ან ნათესარი). ა.ბანდინს
(1954) მიზანშეწონილად მიაჩნია 2-წლიანი მუხის ნერგის რგვა, 1 ჰა-ზე 5-7 ათასი ეგზემპლარის
რაოდენობით.
დეგრადირებული მუხნარების აღდგენა-რეკონსტრუქცია, ასევე
ტყისშემდგომი მცენარეულობის (მუხნარების დიგრესული რიგების ადრეული სტადიის მცენარეული
დაჯგუფებების) გატყიანება (ტყის კულტურების გაშენება მუხის რგვით და მოთესვით) საჭიროებს
სათანადო სათესლე ბაზის შექმნას. ამ მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ
ბუნებრივ მუხნარებში უნდა შეირჩეს მუდმივი სათესლე კორომები და ცალკეული ხეებიც. გასათვალისწინებელია
სათესლე პლანტაციების შექმნაც. ახლად შესაქმნელი და მოსაგვარებელია მთლიანად ქართული
მუხის მეთესლეობის და სანერგეების ორგანიზაცია. ტყეკულტურის ტექნოლოგიები უნდა ითვალისწინებდეს
სპეციალური ტექნიკის გამოყენებასაც. აუცილებელია დადგინდეს შინაური პირუტყვის ძოვების
წესებიც – დატვირთვის ნორმები და ძოვების ვადები, რომელთა მკაცრი დაცვის გარეშე საქართველოს
ძირეული მუხნარი ტყეების აღდგენა და რეკონსტრუქცია უპერსპექტივო საქმეა.