ა
ვ
ტ
ო
რ
თ
ა წ ი ნ ა თ ქ მ ა
ძირეული
ტყეების
პრობლემა
ბუნებრივ ტყეებს საქართველოში ტერიტორიის დაახლოებით 1/3 ნაწილი
(32-35%) უკავია. მათგან დიდი უმეტესობა ძირეული ტყეებია, რომელთა ფიტოცენოლოგიური
სტრუქტურის ჩამოყალიბება განხორციელდა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე (მესამეულიდან
დღემდე). სადღეისოდ საქართველოს ძირეული ტყეები (ფიტოცენოზები) მეტ-ნაკლებად სტაბილურ,
ე.წ. კლიმაქსურ მცენარეულობას წარმოადგენს.
საქართველოს ძირეული ტყეების მთავარი ფორმაციებია (საერთო ფართობის მიხედვით)
– წიფლნარი (Fagus orientalis), ქართული მუხის (Quercus iberica) მუხნარი, წაბლნარი
(Castanea sativa), სოჭნარი (Abies nordmanniana), ნაძვნარი (Picea orientalis). მათ
წილად მოდის ქვეყნის ბუნებრივი ტყეების ორ მესამედზე მეტი. ძირეულ ტყეებს მიეკუთვნება
შედარებით შეზღუდული გავრცელების ფორმაციებიც – ჭალის მუხის (Quercus longipes), მაღალმთის
მუხის (Quercus macranthera), იმერული მუხის (Quercus imeretina) და მუხის სხვა სახეობებისაგან
შექმნილი ტყეების ფორმაციები (მუხნარები); არიდული ტყეები – საკმლისხიანი
(Pistacia mutica) და ღვიიანი (Juniperus foetidissima, J. polycarpos); მურყნარი
(Alnus barbata); ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) არყნარი; კავკასიური ფიჭვის
(Pinus sosnowskyi) ფიჭვნარი; ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus pithyusa) ფიჭვნარი; ძელქვნარი
(Zelkova carpinifolia) და სხვ.
ძირეული ტყეების ფორმაციების ბუნებრივი არეალის ფარგლებში გვხვდება დროებითი
(წარმოებული, მეორადი) ტყეების ფორმაციებიც, კერძოდ – რცხილნარი (Carpinus
caucasica), ფიჭვნარი (Pinus sosnowskyi), მტირალა არყის (Betula pendula) არყნარი,
მთრთოლავი ვერხვის (Populus tremula) ვერხვნარი, მურყნარი (Alnus barbata). ძირეული
ტყეების ფორმაციების ბუნებრივი არეალის ფარგლებშივე გავრცელებულია (ზოგან საკმაოდ ფართოდ)
ტყისშემდგომი (მეორადი) მცენარეულობაც – ბუჩქნარები და ბალახეულობა.
აღნიშნული მცენარეულობის ფორმირება ძირეული ტყეების ამა თუ იმ ფორმაციის
არეალის ფარგლებში მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის (ათასწლეულების) მანძილზე, როგორც
ბუნებრივად (ბუნებრივი სუქცესიები), ისე ადამიანის გავლენით (ანთროპოგენური სუქცესიები).
ძირეული ტყეების დროებით (წარმოებულ) ტყეებად და ტყისშემდგომ მცენარეულობად ტრანსფორმაციის
პროცესები დაჩქარდა და ტრანსფორმირებული (მეორადი) მცენარეულობის წარმომადგენელთა არეალი
მეტისმეტად გაფართოვდა უკანასკნელ საუკუნეებში, რაც ძირითადად განაპირობა ძირეული ტყის
მცენარეულობაზე (ფიტოცენოზებზე) ადამიანის მრავალმხრივმა უარყოფითმა ზემოქმედებამ
(ტყის რესურსების გადაჭარბებული ამოღება, უსისტემო ჭრა, ხელოვნური ხანძარი ტყეში, ტყეში
და ნატყევარზე შინაური პირუტყვის ძოვების მოუწესრიგებლობა და სხვ.). საქართველოს ძირეული
ტყეების ფორმაციების ბუნებრივი გეოგრაფიული და ეკოლოგიური არეალის ფარგლებში ჩამოყალიბებული
ტყისშემდგომი მცენარეულობის მრავალი წარმომადგენელი (ძირეული ტყეების ანთროპოგენური
სუქცესიების შუა და ბოლო სტადიების მცენარეულობა) – მეორადი ქსეროფილური ბუჩქნარები
(ჯაგრცხილნარები, ძეძვიანები, გრაკლიანები, ნაირბუჩქნარები და სხვ.), სტეპები, ნახევრად
უდაბნოები – სადღეისოდ, ძირეული ტყეების ანთროპოგენურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ
მეტ-ნაკლებად ტრანსფორმირებულ გარემო პირობებში (მიკრო- და მეზოკლიმატის ცვლილება გამშრალების
მიმართულებით, ყოფილი ტყის ნიადაგების დეგრადირება) უკვე სტაბილურ (კლიმაქსურ) მცენარეულობას
წარმოადგენს, რომელთა ბუნებრივად შეცვლა წინამორბედი ძირეული ტყით პრაქტიკულად გამორიცხულია
(თანამედროვე კლიმატის პირობებში იგი შესაძლებელია მხოლოდ ძირეული ტყის ხელოვნურად
აღდგენა-რეკონსტრუქციის გზით).
ძირეული ტყეები (ტყის ცენოზები) ქვეყნის მრავალფეროვანი, მეტ-ნაკლებად
სტაბილური ბუნებრივი ეკოსისტემების საფუძველს წარმოადგენს. მათზე უშუალოდ არის დამოკიდებული
ცხოველური ორგანიზმების (სახეობების, პოპულაციების) სტაბილურობაც. ძირეული ტყეების
ცენოზები ბუნებრივ ეკოსისტემათა სხვა კომპონენტების (ნიადაგი, წყლის რეჟიმი და სხვ.)
სტაბილურობის მთავარ გარანტსაც წარმოადგენს.
ბუნებრივი მცენარეული რესურსების გამოყენების საკითხების კვლევით დადგენილი
იქნა, რომ ძირეული ტყეები ამ მხრივაც გამორჩეულია. დადგენილია, რომ დედამიწის ნებისმიერ
ბუნებრივ რეგიონში თუ ქვეყანაში ძირეული ტყე მთლიანობაში არის ყველაზე ოპტიმალური და
პერსპექტიულიც – ძვირფასი მერქნის და ტყის სხვა რესურსების მდგრადი გამოყენების თვალსაზრისით.
ძირეული ტყეების შემქმნელი სახეობები პრაქტიკულად არ ან იშვიათად ზიანდება მცენარეთა
მავნებლებით, სოკოვანი და სხვა დაავადებებით, კლიმატური და ნიადაგური შეუთავსებლობით
და ა.შ. ამითაა განპირობებული, რომ ძირეული ტყე ოპტიმალურად ასრულებს მოცემულ რეგიონში
ძალზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ (ნიადაგდაცვით, წყალშენახვით და წყალმარეგულირებელ, ჰავის
გამაჯანსაღებელ და სხვ.) ფუნქციებსაც.
ამდენად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ძირეული ტყეები საუკეთესო
და გამორჩეულია როგორც უშუალო გამოყენების, ისე ბუნებრივი გარემოს სტაბილურობის დაცვის
თვალსაზრისით. ამით არის განპირობებული ის დიდი ყურადღება, რაც უკანასკნელ ათწლეულებში
დაეთმო ძირეული ტყეების გადარჩენის და მათი არეალის გაფართოების პრობლემის კვლევას
და მიღებული მეცნიერული დასკვნების საფუძველზე შესაფერისი უახლესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების
დამუშავებას.
საქართველოში, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ძირეულ ტყეებს მნიშვნელოვანი
ტერიტორია უკავია. მათი დაცვის (არეალის შენარჩუნების) მიზნით შექმნილია დაცული ტერიტორიების
(ძირითადად ნაკრძალების) ფართო ქსელი, რომლის საერთო ფართობი სადღეისოდ ასი ათასამდე
ჰექტარია. ნაკრძალები განლაგებულია ქვეყნის სხვადასხვა ბუნებრივ-კლიმატურ ზონაში, რაც
საშუალებას იძლევა საიმედოდ იყოს დაცული ძირეული ტყეების პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელი
(ფორმაცია). შემუშავებულია პერსპექტიული გეგმა დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებისა.
ნავარაუდევია, რომ დაცული ტერიტორიის სისტემაში მოექცეს საქართველოს მთელი ტერიტორიის
დაახლოებით 20%. ამ მხრივ უდაოდ პერსპექტიულია ეროვნული პარკი (დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი
კატეგორია), რომელსაც ნაკრძალთან შედარებით ზოგიერთი უპირატესობაც გააჩნია – გაცილებით
ფართო ტერიტორია, ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის და მდგრადი გამოყენების უფრო მიზანშეწონილი
სტრუქტურა და სხვ.
მიუხედავად მოსალოდნელი დადებითი შედეგებისა, რასაც მოიტანს დაცული ტერიტორიის
ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოება, საქართველოს ძირეული ტყეების დაცვის, მათი მდგრადი
განვითარების, ტყიდან ოპტიმალური ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის მიღწევისათვის
იგი სრულიად არასაკმარისია. ასი ათას ჰექტარზე, თუნდაც ქვეყნის 20% ტერიტორიაზე ბუნებრივი
რესურსების დაცვა-გამოყენების ოპტიმიზაცია მთლიანად ქვეყნისათვის, ცხადია, საკმარისი
არაა. უმძიმეს მდგომარეობაშია საქართველოს სამეურნეო ტყეები, სადაც უამრავი პრობლემაა
დაგროვილი – ტყეების პროდუქტიულობის, ბუნებრივი განახლების, აღდგენის, რეკონსტრუქციის,
ტყეების მიერ ეკოლოგიურ (გარემოსდაცვით) ფუნქციათა შესრულების სფეროებში. ამ საკითხებზე
მრავალჯერ გამოითქვა მეცნიერთა აზრი (ძირითადად, სამეცნიერო ნაშრომებში), მაგრამ პრობლემათა
გადაჭრისათვის იგი, ცხადია, საკმარისი არაა.
აღნიშნული პრობლემები ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია. საქმე ეხება საქართველოს
ძირეული ტყეების, მთლიანად ქვეყნის უნიკალური ტყიანი ეკოსისტემების დაცვას. ჩვენ დღეს
და მომავალშიც ვდგავართ უალტერნატივო პრობლემის წინაშე უნდა აღვადგინოთ წლების მანძილზე
არასწორი ექსპლუატაციით და მოუვლელობით გამეჩხერებული ძირეული ტყეების ბუნებრივი სტრუქტურები,
გავაუმჯობესოთ ტყეების ბუნებრივი განახლება, გავზარდოთ ამ ტყეების პროდუქტიულობა.
მეცნიერული საფუძვლები საქართველოს ძირეული ტყეების აღდგენის, ბუნებრივი
განახლების გაუმჯობესების და ტყის კორომების პროდუქტიულობის ამაღლებისა, რომლებიც ძირითადად
დამუშავებულია, საჭიროებს დახვეწას, კონკრეტიზებას, ახალი მონაცემებით შევსებას. წინამდებარე
ნაშრომში შევეხებით დასმული პრობლემის ზოგიერთ არსებით საკითხს – საქართველოს ძირეული
ტყეების კონკრეტულ ფორმაციათა მიხედვით.