Thursday, April 13, 2017

საქართველოს ძირეული ტყეები : II ნაწილი : 4. წაბლნარი ტყეები : 4.1 წაბლნარები მარადმწვანე ქვეტყით : 4.2 წაბლნარები ფოთოლცვენია ქვეტყით : 4.3 წაბლნარები ბალახოვანი და სუროს საფარით : 4.4 წარმოებული რცხილნარები, მურყნარები, ტყისშემდგომი ბუჩქნარები და გვიმრიანები / რ. ქვაჩაკიძე, კ. იაშაღაშვილი, ნ. ლაჩაშვილი

4. წაბლნარი ტყეები

საქართველოს ძირეული ტყეების ფორმაცია – წაბლნარი (Castanea sativa) გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, ზ. დ. 60-100 მ-დან 1200-1400 მ-მდე. აღმოსავლეთ საქართველოში წაბლის წმინდა (მონოდომინანტური) და შერეული (პოლიდომინანტური) ტყეები გვხვდება იშვიათად, ძირითადად დასავლურ ნაწილში (დასავლეთი თრიალეთი, ბორჯომის ხეობა, მდ. დიდი ლიახვის ხეობა, ლიხის ქედი) და კახეთში (კახეთის კავკასიონი), ზ. დ. 500-700 მ-დან 1300-1400 მ-მდე. წაბლნარების (წმინდა კორომები, წაბლის სიჭარბით კორომები) საერთო ფართობი 106 ათას ჰა-ს აღწევს.  
წაბლი, როგორც საუკეთესო მერქნის მქონე ხე, ოდითგან გამოიყენებოდა (სამშენებლო მასალად, ავეჯის წარმოებაში და სხვ.). წაბლის ტყეების ექსპლუატაციისა და მოვლის წესების უხეშმა დარღვევებმა ჩვენი მთის (უფრო ადრე _ ბარის) წაბლნარების დიდი ნაწილი შეიწირა, ისინი თანდათანობით შეიცვალა მეორადი (წარმოებული) ტყეებით, ძირითადად რცხილნარით (Carpinus caucasica). კოლხეთის დაბლობზე – ვაკეზე და გორაკ-ბორცვებზე ისტორიულ წარსულში ჯერ კიდევ ფართოდ ვრცელდებოდა შერეული სუბტროპიკული ტყეები, რომელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი (დამახასიათებელი სახეობა) წაბლი იყო. ამჟამად ამ ტყეთა ცალკეული მომცრო კორომებია შემორჩენილი. საქართველოში (როგორც სხვა ქვეყნებში) წაბლს და მის ტყეებს დიდი ზიანი მიაყენა საერთაშორისო მასშტაბის დაავადებამ – ენდოტიამ.  
წაბლის ტყეები არა მხოლოდ საუკეთესო მერქნის მნიშვნელოვანი მარაგის შემცველია, არამედ მთათა კალთებზე ეკოლოგიური წონასწორობის დაცვის ერთ-ერთი ფაქტორიცაა (მეტადრე დასავლეთ საქართველოს უხვნალექიან რეგიონებში). წაბლნარების უმეტესობა სადღეისოდ მეტ-ნაკლებად სახეცვლილია, დარღვეულია ფიტოცენოზების ბუნებრივი სტრუქტურა, გაუარესებულია (ან პრაქტიკულად შეწყვეტილია) კორომების ბუნებრივი განახლება, ძლიერ დაქვეითებულია პროდუქტიულობა. წაბლნარები საქართველოში საჭიროებს დიდ ყურადღებას (მეტს, ვიდრე ტყის სხვა ფორმაციები), - აღდგენის, პროდუქტიულობის ამაღლების, ბუნებრივი განახლების ღონისძიებების უსწრაფესად განხორციელებას. ასევე საჭიროა წაბლნარი ფორმაციის ბუნებრივ არეალში განვითარებული დროებითი (წაბლნარის ნიადაგზე განვითარებული) ტყეების და ტყისშემდგომი მცენარეულობის (ბუჩქნარების, ბალახეულობის) წაბლნარებად რეკონსტრუქციის ფართო პროგრამის განხორციელებაც. ამ მიზნით ძირითადად დამუშავებულია სპეციალური მეთოდები და ზოგადი ტექნოლოგიური სქემები, რომლებიც შემდეგნაირად არის წარმოდგენილი:  

4.1  წაბლნარები მარადმწვანე ქვეტყით

წაბლნარები, რცხილნარ-წაბლნარები და წიფლნარ-რცხილნარ-წაბლნარები, რომლებშიც განვითარებულია მარადმწვანე ქვეტყე (წყავის, შქერის), ბუნებრივად სუსტად ან პრაქტიკულად არ განახლდება. ამის გამო არის საშიშროება იმისა, რომ დროთა განმავლობაში წაბლნარი შეიცვალოს მეორადი რცხილნარით ან ტყისშემდგომი მარადმწვანე ბუჩქნარებით (წყავიანი, შქერიანი). ამ უარყოფითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია წაბლის თესლით განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება. 
რეკომენდებულია (ძირითადად თბილისის სატყეო ინსტიტუტის მიერ) ქვეტყის გაჭრა-ამოძირკვა პარალელურ ზოლებად (ზოლის სიგანე 3-4 მ, ზოლთაშორისი 3-4მ), ზოლში ირგვება 3-5 წლიანი წაბლის ნერგი (2-რიგად).
 
4.2  წაბლნარები ფოთოლცვენია ქვეტყით

წაბლნარები და რცხილნარ-წაბლნარები, რომლებშიც ქვეტყეს ქმნის ფოთოლცვენია ბუჩქები (იელი, კავკასიური მოცვი, მაყვალი), ასევე სუსტად ან საერთოდ აღარ განახლდება. 
ედიფიკატორის – წაბლის განახლების ხელშეწყობის მიზნით რეკომენდებულია იგივე ღონისძიებები, რაც მარადმწვანე ქვეტყიან წაბლნარებში. მათგან განსხვავებით, ფოთოლცვენია ბუჩქებიან წაბლნარებში სხვა, უფრო იაფი მეთოდის გამოყენებაც შეიძლება, სახელდობრ: ტყის მასივში ან ცალკეულ კორომებში გამოიყოფა ნაკვეთები (2x2 მ, 1 ჰა-ზე 700-1000 ნაკვეთი), სადაც წაბლის უხვმოსავლიან წელს გაიჩეხება ქვეტყე და გაფხვიერდება ნიადაგი. ნაკვეთებზე წაბლი ბუნებრივად მოითესება და განვითარდება აღმონაცენ-მოზარდი. წაბლის მოუსავლიან ან ნაკლებმოსავლიან წლებში ასეთ ნაკვეთებზე შეიძლება წაბლის ხელოვნურად მოთესვაც. სადაც პირუტყვისაგან დაცვა გარანტირებული არ არის, ზოლებზე და ნაკვეთებზე სასურველია წაბლის 3-5 წლიანი ნერგის რგვა.   

4.3 წაბლნარები ბალახოვანი და სუროს საფარით

წაბლნარები, რცხილნარ-წაბლნარები, მუხნარ-რცხილნარ-წაბლნარები და წიფლნარ-რცხილნარ-წაბლნარები, რომლებშიც განვითარებულია სუროს (Hedera colchica, H. pastuchowii) და ბალახოვანი (ძირითადად – მთის წივანას – Festuca montana) საფარი, აგრეთვე მკვდარსაფარიანი (nuda) წაბლნარები და წაბლის სიჭარბით ტყეები, ბუნებრივად თესლით დამაკმაყოფილებლად განახლდება. ამ ასოციაციათა ფიტოცენოზებში შესაძლებელია მივაღწიოთ ფიტოცენოლოგიური სტრუქტურის მდგრადობას და ბუნებრივი განახლების უწყვეტობას სატყეო-სამეურნეო პროგრესული მეთოდების დანერგვით (ამორჩევითი ჭრის სხვადასხვა ვარიანტი, მოვლითი ჭრები და სხვ.). 
აღნიშნულ ასოციაციათა დეგრადირებული (სახეშეცვლილი სტრუქტურის, გამეჩხერებული) ფიტოცენოზები (ტყის კორომები) პრაქტიკულად აღარ განახლდება, ისინი საჭიროებს განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. რეკომენდებულია წაბლის მოსავლიან წლებში ტყეში გამოყოფილი ნაკვეთები (2x2 მ) ცოცხალი საფარისგან გაიწმინდოს და ნიადაგი გაფხვიერდეს. ნაკვეთებზე წაბლი ბუნებრივად მოითესება და მოზარდი თანდათანობით ფორმირდება. სათანადოდ დაუცველ წაბლნარ ტყეებში (ღორისაგან და სხვა პირუტყვისაგან) საჭიროა ტყეში გამოყოფილ პარალელურ ზოლებში ნიადაგი დამუშავდეს და დაირგოს (2 რიგად) 3-5-წლიანი წაბლის ნერგი.  

4.4 წარმოებული რცხილნარები, მურყნარები,
ტყისშემდგომი ბუჩქნარები და გვიმრიანები

წაბლნარი ტყეების უსისტემო (მათ შორის პირწმინდა) ჭრების შედეგად განვითარებულია მეორადი რცხილნარები. მათ შორის მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს რცხილნარებს მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, ჩვეულებრივი შქერი). ამ ფიტოცენოზებში წაბლის ბუნებრივად ჩანერგვა პრაქტიკულად განუხორციელებელია (ქვეტყის მაღალი შეკრულობის გამო). ამის გამო, ამ რცხილნარების წაბლნარებად რეკონსტრუქცია შესაძლებელია მხოლოდ წაბლის კულტურის ხელოვნურად შეტანით. რეკომენდებულია მარადმწვანე ქვეტყიან წაბლნარში ქვეტყე გაიჩეხოს პარალელურ ზოლებში, ნიადაგი გაფხვიერდეს და დაირგოს წაბლის 3-5 წლის ნერგი. წაბლის კულტურის გასაშენებლად გამოყოფილი ზოლების სიგანე 3-4 მ-ია, ზოლთაშორისი მანძილიც 3-4 მ. 
ამავე მეთოდის გამოყენებით უნდა განხორციელდეს წაბლის ტყის ბუნებრივი არეალის ფარგლებში (წაბლნარების ნაალაგევზე) განვითარებული ბუჩქნარებისა და გვიმრიანების რეკონსტრუქცია. 
შედარებით ნაკლებად შრომატევად მეთოდს წარმოადგენს წარმოებულ რცხილნარებში დიდი ფანჯრების (20-25 მ) ჩადგმა (ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრით), სადაც ნიადაგი სათანადოდ მომზადდება (გაიწმინდება მცენარეულობისაგან, გაფხვიერდება ნიადაგი) და წაბლი ხელოვნურად მოითესება. იგივე მეთოდი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ტყისშემდგომი ბუჩქნარების და გვიმრიანების წაბლნარად რეკონსტრუქციის მიზნით. (მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ტერიტორიის შინაური პირუტყვისაგან მკაცრი დაცვის პირობებში). 
დასავლეთ საქართველოში, ზ. დ. 1000-1200 მ სიმაღლემდე, ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე არსებული წაბლის ტყეების პირწმინდა ნაჩეხებზე ზოგან განვითარებულია დროებითი მურყნარები (Alnus barbata). მათი რეკონსტრუქცია წაბლნარად ან შერეულ ფართოფოთლოვან ტყედ (წაბლი, ცაცხვი, წიფელი, ჰართვისის მუხა და სხვ.) შესაძლებელია განვახორციელოთ შესაბამისი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების გატარებით, კერძოდ: მურყნარ ტყეში ჩაიდგმება დიდი (25-30 მ დიამეტრის) ფანჯრები (მომავალში ფანჯარა გაფართოვდება და ახალი ფანჯრებიც ჩაიდგმება). იგი განხორციელდება ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრის წესით. ფანჯრებში დაირგვება წაბლი (წმინდა წაბლნარად რეკონსტრუქცია) ან წაბლი და სხვა ფართოფოთლოვანები (წიფელი, ცაცხვი და სხვ.). არის რეკომენდაცია (დათუნიშვილი, მახათაძე, მიხაილოვი, 1986), რომ გავაშენოთ ხურმის (Diospyros lotus) და ჭადრის (Platanus orientalis) წმინდა კულტურებიც (რომელთა ძვირფასი მერქანი გამოიყენება საავეჯო წარმოებაში და სხვ.).