IV სტადია (საფეხური). მუხის ტყეების ანთროპოგენური დიგრესიის IV სტადიის
მცენარეულობა აღმოსავლეთ საქართველოში წარმოდგენილია, ძირითადად, სტეპებით, კერძოდ
უროიანით და მარცვლოვან-ნაირბალახოვანი სტეპით. ლოკალურად, მომცრო ნაკვეთების სახით,
განვითარებულია ვაციწვერიანი სტეპიც. გვხვდება ნახევრად უდაბნოს მცენარეულობის წარმომადგენელი
– ავშანიანიც, რომელიც ასევე უნდა მიეკუთვნოს დიგრესულ-სუქცესიური რიგის ამ სტადიის
მცენარეულობას.
მეორადი სტეპების ფიტოცენოზები თავიანთი სტრუქტურით განსხვავებულია პირველადი
სტეპების მცენარეულობისაგან. პირველადი სტეპები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე
მშრალ (არიდულ) რეგიონებში, ძირითადად ქიზიყში და გარე კახეთში. მათი ფორმირება, როგორც
სპეციალური პალეობოტანიკური გამოკვლევებით დადგინდა, უკავშირდება გეოლოგიური ისტორიის
საკმაოდ შორეულ – პლიოცენურ (გვიანი პლიოცენი) და პლეისტოცენურ პერიოდებს (ივრის ზეგანზე
პირველადი სტეპები გავრცელდა მოგვიანებით, ხმელეთის ტერიტორიის ფორმირების კვალდაკვალ).
რაც შეეხება მეორად (ტყისშემდგომ) სტეპებს, ეს მცენარეულობა გენეზისურად ახალგაზრდაა
(არ სცილდება ისტორიული პერიოდის ფარგლებს; გასტეპების პროცესები დღესაც გრძელდება).
მეორადი (ნატყევარზე განვითარებული) უროიანების (Botriochloa
ischaemum) არეალი საკმაოდ ფართოა, იგი პრაქტიკულად აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონს
მოიცავს. ფიტოცენოზები მეტწილად წარმოდგენილია მომცრო ნაკვეთების სახით, ჰემიქსეროფილური
და ქსეროფილური ბუჩქნარების ნაკვეთებს შორის (ზოგან – ტყის ნაკვეთებს შორისაც). უროიანების
ფორმირებას და არეალის გაფართოებას ხელს უწყობს შინაური პირუტყვის მოუწესრიგებელი ძოვება
და ტყე-ბუჩქნარი მცენარეულობის უსისტემო ჩეხვა (საწვავად, კულტურული ნაკვეთების შესაღობავად
და სხვ.). ტყე-ბუჩქნარების ანთროპოგენური დეგრადაციის პროცესში ღრმა ცვლილებებს განიცდის
ნიადაგსაფარიც: ძლიერდება ნიადაგის დაკორდების პროცესი, ზემო ჰორიზონტში გროვდება ჰუმუსოვანი
ნივთიერებები (სტეპური ნიადაგწარმოქმნის პროცესების გაძლიერება).
მეორადი უროიანის ცენოზები ხშირად გვხვდება მუხნარი ტყის (Quercus
iberica) მოსაზღვრე ფერდობებზე, ტყისპირიდან მეტ-ნაკლები მანძილით დაშორებული. ცენოზების
სტრუქტურის საილუსტრაციოდ მოგვაქვს რამდენიმე მაგალითი (აღწერები მოტანილია შემოკლებული
ფორმით):
კახეთის კავკასიონის მთისწინი, ზ. დ. 650 მ. სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიცია,
დაქანება 12-16°. ნიადაგი თხელი, სუსტად დაკორდებული, მშრალი. ნაკვეთი მდებარეობს ბაბანეურის
ნაკრძალში (სოფ. არგოხის მიდამოები), მუხნარი ტყის მოსაზღვრედ, ფართობი 0,2 ჰა.
1991 წლის 8 ივლისი (ქვაჩაკიძე, იაშაღაშვილი).
უროიანის საერთო პროექციული დაფარულობა შეადგენს 80-85%; ბალახნარის ძირითადი
მასის (ფოთლები) სიმაღლე 5-7 სმ-ია, საყვავილე ღეროებისა – 25-35 სმ. ედიფიკატორი
– უროს (კორდების) პროექციული დაფარულობა აღწევს 70-75%. სხვა სახეობებიდან აღინიშნება:
5-7% პროექციული დაფარულობით – Trifolium campestre; 1-2% პროექციული დაფარულობით გვხვდება
სახეობები – Clinopodium umbrosum, Fragaria vesca, Galium verum, Hypericum perforatum, Origanum vulgare,
Salvia verticillata, Xeranthemum
cylindraceum. საერთო ფონზე აღინიშნება თითო-ოროლა ბუჩქი – შინდი (Cornus mas), კუნელი
(Crataegus kyrtostyla), მაყვალი (Rubus caucasicus).
იქვე (ბაბანეურის ნაკრძალი, საფუტკრეს ზემოთ), სამხრეთის ექსპოზიციის
ფერდობზე, ჯაგრცხილნარის მოზრდილ ველობზე (0,25 ჰა), განვითარებულია უროიანი ცენოზი.
ზ. დ. 560 მ. ფერდობის დაქანება 15-20°. ნიადაგი თხელი, ხირხატიანი,
დაკორდებული, მშრალი. 1991 წლის 10 ივლისი (ქვაჩაკიძე, იაშაღაშვილი).
უროიანის საერთო პროექციული დაფარულობა შეადგენს 90-95%, სიმაღლე (ძირითადი
მასის) 25-27 სმ. ედიფიკატორი – უროს პროექციული დაფარულობა აღწევს 7580%. სხვა სახეობებიდან
გვხვდება: 5-7% პროექციული დაფარულობით – Silene italica; 23% დაფარულობით -
Thymus tiflisiensis; 1%-მდე დაფარულობით - Eringium campestre, Hieracium
pilosella, Medicago hemicycla, Teucrium polium; ერთეული სახით – AAllium
gramineum, Hypericum perforatum, Tunica saxifraga. საერთო ფონზე გაბნეულია ბუჩქები
– კუნელი (Crataegus kyrtostyla), კვიდო (Ligustrum vulgare), ჩიტავაშლა
(Pyracantha coccinea), თუთუბო (Rhus coriaria), ასკილი (Rosa canina).
თბილისის მიდამოებში (საგურამოს ქედის სამხრული კალთა, ავჭალიდან ზედაზნისაკენ
მიმავალი ბილიკის ახლოს) ჩვენს მიერ (ქვაჩაკიძე, იაშაღაშვილი, ლაჩაშვილი, 2002 წლის
17 ივლისი) აღწერილია უროიანი, ფართობი 400-500 კვ. მ. ზ. დ. 740 მ. სამხრეთ-აღმოსავლეთის
ექსპოზიციის ფერდობი, დაქანება 15-17°. ნიადაგი საშუალო
სიღრმის, ხირხატიანი, მშრალი, 70-80% დაკორდებით.
უროიანის საერთო პროექციული დაფარულობა შეადგენს 90-95%, ბალახნარის ძირითადი
მასის სიმაღლე აღწევს 15-25 სმ. უროს პროექციული დაფარულობა აღწევს 8590%. სხვა სახეობებიდან
აღინიშნება: 3-7% პროექციული დაფარულობით _ Avena barbata, Eringium campestre,
Festuca sulcata, Trifolium campestre; 1-2% პროექციული დაფარულობით – Carthamnus
glaucus, Plantago lanceolata, Salvia verticillata; ერთეული სახით –
Achillea millefolium, Arenaria serpillifolia,
Centaurea ovina, Dactylis glomerata, Euphorbia sequeriana, Lolium rigidum,
Polygala transcaucasica, Potentilla
recta, Teucrium chamaedrys, T.
polium დაYსხვ. უროიანის საერთო ფონზე გაფანტულია ბუჩქები – ძეძვი (Paliurus spina
christi) – 6 ძირი, 0,5-1,2 მ სიმაღლის; კუნელი (Crataegus kyrtostyla) – 2 ძირი,
0,5-1,0 მ სიმაღლის; ბერყენა (Pyrus salicifolia) – 1 ძირი, 1,2 მ სიმაღლის.
უროიანის ნაკვეთის მეზობლად (იმავე ფერდობზე, ზემოთ) განვითარებულია მუხნარი
(Quercus iberica); აქვეა ბუჩქნარებიც – ჯაგრცხილნარი (Carpinus orientalis), ძეძვიანი
(Paliurus spina christi). ყველა აღნიშნული მცენარეულობა – მუხნარი"ჯაგრცხილნარი"ძეძვიანი"უროიანი მუხნარი ტყის
დიგრესულ-სუქცესიური რიგის ცალკეული სტადიებია. ტყის ანთროპოგენური სუქცესია განხორციელდა
უსისტემო ჩეხვით და შინაური პირუტყვის სისტემატური ძოვების გავლენით.
მარცვლოვან-ნაირბალახოვანი სტეპები ფიტოცენოლოგიურად მრავალფეროვანია.
ფიტოცენოზების სახეობრივი შემადგენლობა და სახეობების მონაწილეობის ხარისხი (ფიტოცენოზური
როლი) ცვალებადობს ადგილსამყოფელის პირობების (ფერდობების ექსპოზიცია, დაქანება, ნიადაგის
სიღრმე და თვისებები) არაერთგვაროვნების გამო. ზოგან აღინიშნება ველის წივანას
(Festuca sulcata) დომინირებაც; უმეტეს შემთხვევებში კი ცენოზები პოლიდომინანტურია,
ან გამოკვეთილი დომინანტები არ არის. მარცვლოვანნაირბალახოვანი სტეპის ცენოზების ძირითად
(დამახასიათებელ) სახეობებს წარმოადგენს: Bromus sterilis, Carex buschiorum,
Euphorbia sequeriana, Falcaria sioides, Festuca sulcata, Geranium sanquineum,
Onobrychis radiata, Medicago minima, Poa nemoralis, Poterium polygamum,
Teucrium chamaedrys, T. polium, Thymus tiflisiensis და სხვ.
ვაციწვერიანი სტეპები, რომელთა დომინანტების რანგში წარმოდგენილია
Stipa lessingiana და Stipa pulcherrima, გვხვდება, ძირითადად, მომცრო ნაკვეთების და
ფრაგმენტების სახით. სტეპის ცენოზები განვითარებულია, მეტწილად, სამხრეთის, აღმოსავლეთის
და დასავლეთის ექსპოზიციის 20-30° დაქანებულ ფერდობებზე, თხელ, ხირხატიან,
მშრალ ნიადაგებზე. მათ გარემომცველ მცენარეულობას წარმოადგენს, ძირითადად, ქსეროფილური
ბუჩქნარები (გრაკლიანი, ძეძვიანი, ნაირბუჩქნარი და სხვ.).
საგურამოს ქედის სამხრულ კალთაზე, ზ. დ. 700-800 მ ფარგლებში ჩვენ (ქვაჩაკიძე,
იაშაღაშვილი, ლაჩაშვილი, 1988 წლის 19 ივნისი) აღვწერეთ ვაციწვერიანი სტეპის ცენოზები,
რომელთა სტრუქტურა შემდეგნაირად არის წარმოდგენილი (მოტანილია შემოკლებული ფორმით):
მცენარეულობის საერთო პროექციული დაფარულობა ცვალებადობს 35-60% ფარგლებში.
ედიფიკატორ-დომინანტის (Stipa pulcherrima) პროექციული დაფარულობა ცვალებადობს
30-55% ფარგლებში. დამახასიათებელი სახეობები: Botriochloa ischaemum, Convolvulus
cantabrica, Crinitaria villosa, Festuca sulcata, Galium verum, Hellianthemum
numularium, Hypericum perforatum, Melica transsilvanica, Onobrychis cyri,
Poterium polygamum, Psephellus cartalinicus, Stachys atherocalyx, Teucrium
chamaedrys, T. polium, Thymus tiflisiensis. ვაციწვერიანის საერთო ფონზე გაფანტულია
ბუჩქები, კერძოდ: გრაკლა (Spiraea hypericifolia), ძეძვი (Paliurus spina
christi), შავჯაგა (Rhamnus pallasii), ჟასმინი (Jasminum fruticans) (მცირე რაოდენობით
ან ერთეული სახით).
ავშნიანი (Artemisia fragrans) ცენოზები განვითარებულია მშრალ, თხელნიადაგიან,
თიხნარ, ხირხატით (ღორღით) გამდიდრებულ ნიადაგებზე, სხვადასხვა ხარისხით დაქანებულ
ფერდობებზე. ცენოზები გვხვდება ლოკალურად, ქსეროფილურ ბუჩქნარებში და სტეპებში «ჩაწინწკლული».
ჩვენს მიერ ავშანიანის მომცრო დაჯგუფებები და ფრაგმენტები აღწერილია ქ. მცხეთის მიდამოებში
და საგურამოს ქედის სამხრულ კალთაზე (ქვაჩაკიძე, იაშაღაშვილი, ლაჩაშვილი; 1998 წლის
21 ივნისი; 2002 წლის 13 ივლისი, 25 ივლისი).
ავშნიანების სტრუქტურა შენდეგნაირია (შემოკლებული ფორმით): ბალახნარის
საერთო პროექციული დაფარულობა ცვალებადობს 40-45%-დან 90-95%-მდე (შეკრული ავშნიანი).
საშუალო სიმაღლე შეადგენს 30-50 სმ. ედიფიკატორ-დომინანტის (ავშანის) პროექციული დაფარულობა
ბალახნარის საერთო დაფარულობის 90-95 (100)% შეადგენს. სხვა სახეობები აღინიშნება მცირე
რაოდენობით (პროექციული დაფარულობა არ აღემატება 4-5%, მეტწილ შემთხვევებში გაცილებით
ნაკლებია) და ერთეული სახით. ჩვენს მიერ აღწერილ ავშნიანებში დამახასიათებელი სახეობების
რანგში გვხვდება: Achillea millefolium, Avena barbata, Botriochloa ischaemum,
Camelina microcarpa, Eringium campestre, Festuca sulcata, Lolium rigidum, Melica
transsilvanica, Xeranthemum squarrosum და სხვ.