ჩვენს მიერ მოძიებული გეობოტანიკური მასალებისა და ლიტერატურული წყაროების
ანალიზის საფუძველზე დავადგინეთ აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ძირეული (პირველადი)
მუხნარი ტყის ანთროპოგენური დიგრესიის საერთო კანონზომიერებები. გამოვყავით დიგრესულ-სუქცესიური
რიგის შემდეგი თანმიმდევრული სტადიები (საფეხურები):
I სტადია (საფეხური). პირველადი (ხელუხლებელი და პრაქტიკულად ხელუხლებელი)
ქართული მუხის ტყის ანთროპოგენური დეგრადაციის I სტადიის (საფეხურის) მცენარეულობა
(მეორადი მუხნარები) აღმოსავლეთ საქართველოში წარმოდგენილია ფიტოცენოზთა (შესაბამისად
– ასოციაციათა) ფართო სპექტრით. ფიტოცენოზები გავრცელებულია სამხრეთის, აღმოსავლეთის
და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. ყველაზე მშრალ რეგიონებში (ცენტრალური და აღმოსავლეთი
თრიალეთი) მუხნარები განვითარებულია ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზეც, სადაც მათ
უჭირავთ ადრე აქ არსებული მეზოფილური ტყეების (წიფლნარები, რცხილნარები) ადგილსამყოფელები.
სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, რომლებიც განსაკუთრებით მშრალია, მრავალ რეგიონში
(განსაკუთრებით თრიალეთის მთიან სისტემაში) მუხნარი ტყე პრაქტიკულად აღარ გვხვდება
(უკვე შეცვლილია ტყისშემდგომი, მუხნარების დეგრადაციის შემდგომი სტადიების მცენარეულობით).
მეორადი მუხნარების ნიადაგების მორფოლოგიურ თავისებურებებზე დაკვირვებამ
გვიჩვენა, რომ ტყის ტიპურმა ნიადაგებმა სახეცვლილება-დეგრადაციის პროცესი მეტნაკლებად
უკვე განიცადა და იგი კვლავ საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებით ღრმა
მორფოლოგიური ცვლილებები შეინიშნება სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე განვითარებული
მუხნარების ნიადაგებში, სახელდობრ: ნიადაგები მეტწილ შემთხვევებში ეროზირებულია (საშუალოდ,
ძლიერ); მკვდარი საფარის ფენა არამდგრადია, იგი ადვილად იშლება და ირეცხება (მეტწილ
მუხნარებში მეტ-ნაკლებად ჩამორეცხილია); ნიადაგის ჰუმუსიანი ფენაც მეტ-ნაკლებად ჩამორეცხილია,
რის შედეგადაც ჰუმუსიანი ჰორიზონტის სიღრმე მნიშვნელოვნად შემცირებულია; მნიშვნელოვნად
ამაღლებულია ნიადაგების ხირხატიანობა-ქვიანობის ხარისხი, ხშირად განვითარებულია არამდგრადი
(მოძრავ-ნაშალიანი) სუბსტრატიც. ნიადაგური საფარის აღნიშნული მორფოლოგიური ცვლილებები
პირდაპირი შედეგია მუხნარი ტყის ცენოზებზე ხანგრძლივი ანთროპოგენური ზეწოლისა (ჭრა,
ჩეხვა, პირუტყვის სისტემატური ძოვება). ყველაზე ღრმა მორფოლოგიურ ცვლილებებს მუხნარი
ტყეების ნიადაგურ საფარში იწვევს ტყის კორომებში შინაური ცხოველების (განსაკუთრებით
ღორის) სისტემატური ძოვება.
მეორადი მუხნარი ცენოზების ფლორისტული შედგენილობის და აგებულების (სტრუქტურის)
გამოკვლევით გამოვლენილი იქნა მნიშვნელოვანი სტრუქტურული თავისებურებანი, რომლებიც
უშუალო კავშირშია ტყის მცენარეულობის ანთროპოგენურდიგრესულ პროცესებთან, ამ პროცესების
(სუქცესიური ცვლის) მიმართულებებთან და სიღრმისეულ განვითარებასთან. მათ შორის უწინარესად
აღსანიშნავია შემდეგი:
ა. ფიტოცენოზების ფლორისტულ შემადგენლობაში აღარ აღინიშნება, ან გვხვდება
მცირე რაოდენობით და არადამახასიათებელი სახეობების რანგში ე. წ. «ქვერცეტალური ფლორის»
(მუხნარების ფლორის) მრავალი ტიპური წარმომადგენელი – თამელი (Sorbus torminalis),
თხილი (Corylus avellana), წერწა (Lonicera caucasica), ჯიქა (Lonicera caprifolium),
ჭანჭყატი (Euonymus europaea, E.verrucosa) და სხვ. ბალახოვნებიდან – Laser
trilobum, Primula woronowii, Polygonatum glaberrinum, Serratula
quinquefolia და სხვ.
ბ. აღინიშნება საკმაოდ დიდი რაოდენობა მუხნარის ცენოზებისათვის არადამახასიათებელი
სახეობებისა (დიგრესული სუქცესიის ინდიკატორები), რომლებიც შემოჭრილია მეზობლად განვითარებული
სხვადასხვა მცენარეული დაჯგუფებებიდან. ზოგიერთი მათგანის ცენოზური (სტრუქტურული) როლი
საკმაოდ მაღალია. ესენია, ძირითადად, ქსეროფილური და ჰემიქსეროფილური ბუჩქნარების,
სტეპისა და მშრალი მდელოს დამახასიათებელი სახეობები – ძეძვი (Paliurus spina
christi), გრაკლა (Spiraea hypericifolia), თრიმლი (Cotinus coggygria) და სხვ. ბალახოვნებიდან
– Campanula alliariaefolia, C. hohenackeri, Clinopodium vulgare, Coronilla
varia, Galium verum, Silene italica, Teucrium chamaedrys, T. orientale, T.
polium, Thymus tiflisiensis და სხვ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჯაგრცხილას
(Carpinus orientalis) ფიტოცენოზური პოზიციების მკვეთრი გაფართოება როგორც ქვეტყეში
(პროექციული დაფარულობა 70-80%-მდე), ისე მთავარ (ხემცენარეთა) იარუსშიც. მასთან კავშირშია
მუხნარ-ჯაგრცხილნარების მასიური ფორმირება უფრო მეტად მშრალ რეგიონებში (ცენტრალური
და აღმოსავლეთი თრიალეთი).
გ. მუხნარი ტყის ცენოზების მთავარი (A) იარუსის სიმჭიდროვე-შეკრულობა
დაბალია (საშუალოდ 0,3-0,6 ფარგლებში ცვალებადობს), ამასთან იგი არამდგრადია და იცვლება
ანთროპოგენური ზემოქმედების ფორმებთან დაკავშირებით (რაციონალური ამორჩევითი ჭრა, უსისტემო
ჭრა-ჩეხვა, პირუტყვის რეგულირებული ძოვება, თავისუფალი ძოვება და ა. შ.). ვრცელი ფართობი
უჭირავს მუხნარის მეჩხერებს (სიხშირე 0,1-0,2, კალთაშეკრულობა 0,2-0,3).
დ. ედიფიკატორი (ქართული მუხა) და თანმხლები (დამახასიათებელი) სახეობები
(იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი, თამელი) პრაქტიკულად ყველგან წარმოდგენილია ამონაყრითი
სხვადასხვა რიგის თაობებით (ამონაყრითი მუხნარები). თესლით წარმოშობილი მუხის ხეები
კორომებში იშვიათად გვხვდება.
ე. კორომების წარმადობა (ბიოლოგიური პროდუქტიულობა) დაბალია (ბონიტეტის
V, იშვიათად IV და III კლასები), რაც განპირობებულია როგორც ნიადაგურ-გრუნტული პირობების
გაუარესებით, ისე ქართული მუხის გენეტიკური პოტენციალის დაქვეითებით (ამონაყრითი თაობები).
ვ. კორომების ბუნებრივი განახლება დიდ უმეტეს შემთხვევებში სუსტია ან
პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობს. იგი განპირობებულია, ძირითადად, თესლისა და აღმონაცენ-მოზარდის
ფიზიკური განადგურებით შინაური ცხოველების მიერ (ღორი, რქიანი პირუტყვი). ლიტერატურაში
არსებობს ცნობები, რომ მკვდარი საფარის დაშლა-ჩამორეცხვის შედეგად რკო იყინება მცირეთოვლიან
და უთოვლო ზამთარში. კორომების ბუნებრივ განახლებას აფერხებს არასწორი, თესლით განახლებაზე
არაორიენტირებული სატყეო მეურნეობა. პირადი გამოკვლევებით და ლიტერატურული წყაროების
გამოყენებით დავადგინეთ აღმოსავლეთ საქართველოს მეორადი მუხნარების ტიპოლოგიური შემადგენლობა.
ტიპოლოგიურ სპექტრში წარმოდგენილია შემდეგი ასოციაციები (ფიტოცენოზთა ტიპები):
1. მუხნარი თივაქასრას საფარით (Quercetum poosum);
2. მუხნარი არჯაკელის საფარით (Quercetum lathyrosum);
3. მუხნარი ნაირბალახიანი საფარით (Quercetum mixtoherbosum);
4. მუხნარი შინდის ქვეტყით (Quercetum cornosum);
5. მუხნარი ჯაგრცხილას ქვეტყით (Quercetum carpinulosum);
6. მუხნარი ჯაგრცხილასა და შინდის ქვეტყით (Quercetum
carpinuloso-cornosum);
7. ფიჭვნარ-მუხნარი მშრალი, ცოცხალ საფარს პრაქტიკულად მოკლებული
(Quercetum siccum);
8. იფნარ-მუხნარი გრაკლას ქვეტყით (Fraxineto-Quercetum spireaosum);
9. ჯაგრცხილნარ-მუხნარი შინდის ქვეტყით (Carpinuleto-Quercetum
cornosum);
10. ჯაგრცხილნარ-მუხნარი თაგვისარას ქვეტყით (Carpinuleto-Quercetum
ruscosum);
11. ჯაგრცხილნარ-მუხნარი ნაირბუჩქების
ქვეტყით (Carpinuleto-Quercetum mixtofruticosum);
12. ჯაგრცხილნარ-მუხნარი ნაირბალახების საფარით
(Carpinuleto-Quercetum mixtoherbosum).