V სტადია (საფეხური). იგი ქართული მუხის ტყის ანთროპოგენური დიგრესიის
პრაქტიკულად დამამთავრებელი სტადიაა (დიგრესულ-სუქცესიური რიგის ბოლო საფეხური). ამ
სტადიის მცენარეულობა აღმოსავლეთ საქართველოში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, გვხვდება
ყველა ექსპოზიციის და ნაირგვარი დაქანების ფერდობებზე – შესაფერის ადგილსამყოფელებში.
ძირითადად ესაა ძლიერ ეროზირებული ფერდობები და კლდე-ნაშალიანები. მთის ფერდობებზე
მსგავსი ადგილსამყოფელების (ეკოტოპების) წარმოქმნა დაკავშირებულია მცენარეული საფარის
რღვევა-განადგურებასთან (ძირითადად; არის მეორე გზაც – ბუნებრივ-სტიქიური, როგორიცაა
მეწყერები და სხვ.).
აღნიშნულ ადგილსამყოფელებში მცენარეული საფარის არსებობისათვის პირობები
უკიდურესად მძიმეა, ბევრგან – შეუძლებელია მცენარეული საფარის სტრუქტურული მთლიანობის
შენარჩუნება. ამასთან დაკავშირებით აქ ეკოლოგიურად და ფიტოცენოლოგიურად სპეციფიკური
მცენარეულობაა განვითარებული. ძირითადად ესაა – ქსეროფილური მეჩხერი ბუჩქნარები და
მათი ფრაგმენტები, აგრეთვე კლდე-ნაშალიანის ქსეროფილური კომპლექსები. აღინიშნება შემდეგი
ტიპის დაჯგუფებები: ძეძვიანი (Paliurus spina christi), კენკრიანი (Rhamnus
pallasii), ჯაგეკლიანი (Paliurus spina christi, Rhamnus pallasii, Prunus
spinosa, Iuniperus oblonga, Atraphaxis spinosa, Colutea orientalis, Ephedra
procera, Astragalus microcephalus და სხვ.), თუთუბოიანი (Rhus coriaria), თრიმლიანი
(Cotinus coggygria), გლერძიანი (Astragalus microcephalus). კლდე-ნაშალიანებზე განვითარებულია
ქსეროფილური ბუჩქებისა და ბალახებისაგან შექმნილი მეჩხერი დაჯგუფებების (ქსეროფიტული
კომპლექსების) სხვადასხვა ვარიანტი.
აღმოსავლეთ საქართველოში, მეტწილად მთის ქვედა სარტყელში, ძლიერ ეროზირებულ
მშრალ ნიადაგებზე განვითარებულია ტრაგაკანთული მცენარეულობის ერთერთი ტიპური წარმომადგენელი
– გლერძიანი. ეს ორიგინალური მცენარეულობა უფრო ხშირად გვხვდება თრიალეთის ქედის სამხრეთის
ექსპოზიციის საშუალო და ძლიერი დაქანების (20-40°) ფერდობებზე. გლერძიანის
ცენოზები (მეტწილად მომცრო ნაკვეთები) ასეთ ადგილსამყოფელებში ხშირად განვითარებულია
ჯაგრცხილნარების და თვით ამონაყრითი მუხნარების მოსაზღვრედაც (მდ. დიღმისწყლის, ვერეს,
თეძამის, ტანას ხეობები, ბორჯომის ხეობა – მარცხენა სანაპირო და სხვ.). გლერძიანების
ჰიფსომეტრიული არეალი ფართოა, იჭრება მთის შუა სარტყელშიც (ზ. დ. 1400 მ-მდე).
გლერძიანი ცენოზების შემქმნელია ეკლიანი გლერძა (Astragalus
microcephalus). გლერძა სახლდება მხოლოდ ძლიერ ეროზირებულ, ხირხატიან-ნაშალიან, თხელნიადაგიან,
მშრალ ეკოტოპებზე, ან კლდოვან-ნაშალიან სუბსტრატზე. გლერძები ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად
დაშორებულია ისე, რომ მთლიანად ცენოზის პროექციული დაფარულობა 40-დან 80%-მდე აღწევს
(უფრო ხშირად დაფარულობა 50-60% ფარგლებშია). ბუჩქების საშუალო სიმაღლე 40-60 სმ ფარგლებშია.
გლერძის ბუჩქებს შორის თავისუფალი არე (ხირხატიან-ნაშალიანი და თხელნიადაგიანი, მშრალი
სუბსტრატი) უჭირავს ქსეროფილურ ბუჩქებს, ნახევრადბუჩქებს და ბალახებს. დამახასიათებელ
სახეობებს შორის აღინიშნება – Achillea millefolium, Alissum torduosum,
Allium atroviolaceum, Artemisia
caucasica, Astragalus caucasicus, Bromus squarrosus, Centaurea rephlexa,
Convolvulus cantabrica, Coronilla orientalis, Euphorbia sequeriana, Galium
verum, Helianthemum nummularium, Hypericum perforatum, Medicago minima, Melica
transsilvanica, Nepeta mussini, Onosma caucasica, Phleum phleoides, Pyrethrum
sericeum, Salvia verticillata, Scabiosa columbaria, Sideritis comosa,
Scutellaria orientalis, Silene chlorifolia, Stachys atherocalyx, Teucrium chamaedrys,
T. polium, Thymus collinus, Tunica saxifraga, Xeranthemum squarrosum და სხვ. ბუჩქებს ქვეშ და უშუალო სიახლოვეს, ნაკლებად
მშრალ ადგილებში, გვხვდება მშრალი ტყის (ძირითადად მუხნარის) ელემენტებიც კი –
Brachypodium pinnatum, Dactylis glomerata, Carex buschiorum, C. digitata, Inula
cordata, Lithospermum coeruleo-purpureum,
Veronica peduncularis, Vinca herbacea და სხვ. გლერძიანებში ერთეული სახით
მონაწილეობს ჰემიქსეროფილური და ქსეროფილური ბუჩქებიც _ Cotoneaster racemiflora,
Cytisus caucasicus, Jasminum fruticans, Paliurus spina christi, Rhamnus
palassii, Rosa corymbifera, Spiraea hypericifolia და სხვ.
გლერძიანები მდგრადი ცენოზებია. ედიფიკატორი – გლერძა ბუნებაში კარგად
მრავლდება (თესლით, ვეგეტატიურად) და ახალ ფართობებს იკავებს, ძირითადად – სხვა ქსეროფილური
ბუჩქნარების ხარჯზე (მათი ანთროპოგენური დიგრესიის პროცესში).
ამგვარად, აღმოსავლეთ საქართველოში ქართული მუხის ტყეების
ანთროპოგენურდიგრესული სუქცესიები წარიმართება ეტაპობრივად, გარკვეული თანმიმდევრული
სტადიების გავლით. ამასთან, არაა აუცილებელი, რომ ყოველ რეგიონში და ყოველ კონკრეტულ
ფერდობზეც კი სუქცესიურ რიგებში სტადიების რიცხოვნება მკაცრად იყოს დაცული. ხშირად
ტყეების დიგრესულ-სუქცესიური რიგები ნაკლებსაფეხურიანია. ასეთი სუქცესიური რიგები უფრო
ხშირად წარმოდგენილია სამხრეთის ექსპოზიციის დიდი დაქანების ფერდობებზე, სადაც ხშირია
ამა თუ იმ სუქცესიური სტადიის «ამოვარდნის» შემთხვევები. მაგ., მეორადი მუხნარების
დეგრადირების (ჭრით, პირუტყვის ძოვებით) შემდეგ უშუალოდ ვითარდება ძეძვიანი (ამოვარდნილია
II სტადია); არის შემთხვევები, როცა ნატყევარზე პირდაპირ გლერძიანი და ქსეროფიტული
კომპლექსების რომელიმე ვარიანტი ვითარდება (ამოვარდნილია II-III-IV სტადიები). სუქცესიური
რიგების მსგავსი მცირესაფეხურიანობა განპირობებულია იმით, რომ სამხრეთის ექსპოზიციის
დიდი დაქანების მშრალ ფერდობებზე ტყის ცენოზების რღვევა-განადგურებას თან მოჰყვება
ინტენსიური ეროზიული პროცესები – ნიადაგის დაშლა-ჩამორეცხვა, რაც არ იძლევა შესაძლებლობას
განვითარდეს ტყისშემდგომი ბუჩქნარის (ჯაგრცხილნარის, ნაირბუჩქნარის და სხვ.) შეკრული
(მაღალი სიხშირის) ცენოზები.