2. წიფლნარი ტყეები
წიფლნარი, შექმნილი აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis) მიერ, საქართველოს
ძირეული ტყეების უმთავრესი ფორმაციაა. მის წილად მოდის ქვეყნის ტყითდაფარული ტერიტორიის
ნახევარზე მეტი (ოფიციალური მონაცემებით – 51,8%; გიგაური, 1980).
წიფლის ტყეების დიდი უმეტესობა მთების საშუალო და დიდი დაქანების კალთებზეა
განვითარებული, ზ. დ. 700-800 მ-დან 1700-1900 (2200-2300) მ-მდე.
წიფლის ტყეები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსების წყაროა
(სამასალე ხე, შეშა, სხვადასხვა ნაკეთობანი). უაღრესად მაღალია წიფლნარების ბუნებისდაცვითი
(ეკოლოგიური) როლი (ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, კლიმატმარეგულირებელი, ზვავსაწინააღმდეგო
და სხვ.).
საქართველოს წიფლნარებში, ადამიანის არარაციონალური სამეურნეო საქმიანობის
შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა კორომების (ფიტოცენოზების) ბუნებრივი სტრუქტურა, დაეცა
პროდუქტიულობა, გაუარესდა ბუნებრივი განახლება. მე-20 საუკუნის შუა წლებიდან განსაკუთრებით
შესამჩნევია წიფლნარების ფართობის შემცირების ტენდენცია ბუნებრივი ჰიფსომეტრიული არეალის
ქვემო (ზ. დ. 700-1000 მ) და ზემო (1700-2300 მ) საზღვრის რაიონებში, რაც ანთროპოგენური
განსაკუთრებით დიდი ზეწოლის შედეგია (ტყის უსისტემო ჭრა, შინაური პირუტყვის სისტემატური
ძოვება – ტყეში და ტყის ველობებზე). წიფლნარის ბუნებრივი არეალის ფარგლებში ჩამოყალიბდა
დროებითი (მეორადი, წარმოებული) რცხილნარები (Carpinus caucasica) და შერეული (პოლიდომინანტური)
ტყეები, მეორადი ბუჩქნარები (წყავიანი, შქერიანი, თხილიანი, იელიანი და სხვ.) და მეორადი
მდელოები (მარცვლოვანი, მარცვლოვან-ნაირბალახოვანი).
ანთროპოგენური პრესის გავლენით ქვეყნის წიფლის ტყეების უმეტესობა მეტ-ნაკლებად
ტრანსფორმირებულია. სახეცვლილება განიცადა, უწინარესად, კორომების (ფიტოცენოზების)
სტრუქტურამ (სახეობრივი შემადგენლობა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური სტრუქტურა). მე-20
საუკუნის მიწურულს, ოფიციალური მონაცემებით (გიგაური, 1980), ძლიერ დაქვეითდა საქართველოს
წიფლნარების ხეთადგომის სიხშირე – ტყეების 55% ნაწილში საშუალო სიხშირემ 0,5 ნიშნულზე
და უფრო ქვემოთაც დაიწია. პარალელურად ძლიერ შემცირდა წიფლნარების პროდუქტიულობა: სამეურნეო
წიფლნარებში (ქვეყნის წიფლნარი ტყეების 80%-ზე მეტი) პროდუქტიულობა (მერქნის საერთო
მარაგი 1 ჰა-ზე) 2-3 ჯერ დაბალია ხელუხლებელ წიფლის ტყეებთან შედარებით (გიგაური,
1980, 2000).
ბუნებრივი (ძირეული) წიფლნარების დეგრადირებამ (ცვლა მეორადი ტყეებით,
ბუჩქნარებით და ბალახეულობით; წიფლნარი კორომების სიხშირისა და კალთაშეკრულობის შემცირება)
განაპირობა მათი გარემოსდაცვითი ფუნქციების შესუსტება. ხეობებში, რომელთა კალთები სამეურნეო
წიფლნარი ტყეებითაა შემოსილი, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა წყაროების დაშრობა, უეცარი
წყალდიდობები, თოვლის ზვავები, მეწყერები, რომელთაც დიდი ზიანი მოაქვს ადგილობრივი
მოსახლეობისათვის და მთლიანად ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოებისათვის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნა აქაც ერთმნიშვნელოვანია: აუცილებელია
დეგრადირებული წიფლნარების აღდგენა, რეკონსტრუქცია, პროდუქტიულობის ამაღლება. იგი უნდა
განხორციელდეს მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობით – აღმოსავლური წიფლის (სახეობის) ბიოლოგიური,
ეკოლოგიური და ბუნებრივი წიფლნარების (ხელუხლებელი ან უმნიშვნელოდ სახეცვლილი კორომების)
ფიტოცენოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით.
მუხნარი ტყეებისაგან განსხვავებით, წიფლნარ ტყეებში აღდგენითი ღონისძიებების
განხორციელება გაცილებით ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული: მარტო ჭრის პროგრესული
მეთოდების (ნებით-ამორჩევითი – 30 დაქანებამდე; ჯგუფურ-ამორჩევითი – 20 დაქანებამდე)
საყოველთაო დანერგვით დეგრადირებული წიფლნარების დიდი ნაწილი (სადაც წიფლის მოზარდის
საკმაო რაოდენობა არის განვითარებული) ბუნებრივად აღდგება; წიფლნარის ნაალაგევზე განვითარებული
დროებითი (მეორადი) რცხილნარები, რომელთა დიდ უმეტესობაში განვითარებულია წიფლის მოზარდის
საკმარისი რაოდენობა, ბუნებრივად იცვლება წიფლნარით (აღდგება ძირეული ტყე _ წიფლნარი),
და თუ მოიხსნება უარყოფითი ანთროპოგენური ზეწოლა (უსისტემო ჩეხვა, შინაური პირუტყვის
სისტემატური ძოვება), წიფლნარის აღდგენის ეს ბუნებრივი პროცესი ბოლომდე განხორციელდება.
ადამიანის გონივრული ჩარევით კი წიფლნარების აღდგენის აღნიშნული ბუნებრივი პროცესები
მკვეთრად დაჩქარდება. დეგრადირებული წიფლნარების აღდგენა-რეკონსტრუქცია ხელოვნური ღონისძიებების
გატარებით აუცილებელია ტყის იმ მასივებში და ცალკეულ კორომებში, რომელთა ბუნებრივი
განახლების პროცესები მთლიანად ან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვეტილია (კორომების ფიტოცენოლოგიური
სტრუქტურის ძლიერი დარღვევის გამო).
დეგრადირებული წიფლნარების აღდგენის და წიფლნარის ბუნებრივი არეალის ფარგლებში
განვითარებული დროებითი (მეორადი) ტყეების (ძირითადად რცხილნარების) და ბუჩქნარების
(წყავიანი, შქერიანი, იელიანი, თხილიანი და სხვ.) წიფლნარად რეკონსტრუქციისათვის რეკომენდებულ
ღონისძიებებს (ჭრის წესები, ტყეკულტურების მეთოდები) საფუძვლად დაედო უაღრესად ნაყოფიერი
მეცნიერული გამოკვლევები, როგორც თეორიული ისე ექსპერიმენტული ხასიათისა (პოვარნიცინი,
1931; გულისაშვილი, 1949; მირზაშვილი, 1949; ორლოვი, 1953; პრილიპკო, 1954; დოლუხანოვი,
1958; ბახსოლიანი, 1962; იაროშენკო, 1962; გიგაური, 1974, 1980; მიშნევი, 1982; დათუნიშვილი,
მახათაძე, მიხაილოვი, 1986, და სხვ.). მნიშვნელოვანი ტყისაღდგენითი მეთოდები იქნა დამუშავებული
თბილისის სატყეო ინსტიტუტის მიერ. უკანასკნელ ხანებში დიდი ყურადღება მიექცა ტყისაღდგენითი
რეკომენდაციების დამუშავებას ტყეების ფიტოცენოლოგიური სტრუქტურის (ტიპოლოგიურ თავისებურებათა)
გათვალისწინებით (დათუნიშვილი, მახათაძე, მიხაილოვი, 1986; სვანიძე, 2001, და სხვ.).
დეგრადირებული წიფლნარების, წიფლნარ-რცხილნარების და მეორადი რცხილნარების
აღდგენა-რეკონსტრუქციის მეთოდიკა და ზოგადი ტექნოლოგიური სქემები შემდეგნაირად არის
წარმოდგენილი:
2.1 წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყით
წიფლნარები, რომლებშიც განვითარებულია მძლავრი ქვეტყე მარადმწვანე ბუჩქებისაგან
(წყავი, შქერი, ჭყორი), წარმოდგენილია როგორც პირველადი ცენოზებით (ძირეული ასოციაციები:
წიფლნარი წყავის ქვეტყით, წიფლნარი ჩვეულებრივი შქერის ქვეტყით, წიფლნარი ჭყორის ქვეტყით),
ისე მეორადი ცენოზებითაც (ნაწარმოები ასოციაციები: დეგრადირებულ-გამეჩხერებული წიფლნარები,
რომლებშიც შეიჭრა მარადმწვანე ბუჩქები და ჩამოყალიბდა გაუვალი ქვეტყე; ტყის ტიპოლოგიაში
ეს მოვლენა ცნობილია ფიტოცენოზთა კონვერგენციის სახელით).
აღნიშნული ასოციაციების (ძირეული ნაწარმოები) ფიტოცენოზებში ედიფიკატორი
– წიფელი ბუნებრივად აღარ მრავლდება ან მრავლდება იშვიათად (თითო-ოროლა მოზარდი). ამდენად,
ფიტოცენოზები ბუნებრივი გზით აღარ განახლდება.
მარადმწვანე ქვეტყიან წიფლნარებში რეკომენდებულია განახლების ხელშემწყობი
ღონისძიებების გატარება, სახელდობრ: ტყის გამეჩხერებულ უბნებში და ღია ადგილებში (ფანჯრებში)
შეირჩევა ნაკვეთები, სიდიდით 2x2 მ, სადაც შესუსტდება (გამოიხშირება) ქვეტყე და დაირგვება
წიფლის მსხვილი ნერგი (0,5-1,0 მ სიმაღლის). რეკომენდებულია სხვა მეთოდიც, სახელდობრ:
შერჩეულ ნაკვეთებზე ამოიძირკვება ქვეტყე, ნიადაგი გაფხვიერდება და წიფელი მოითესება.
2.2 წიფლნარები ფოთოლცვენია ბუჩქების ქვეტყით
ასოციაციათა ამ ჯგუფში შედის წიფლნარები, რომლებშიც განვითარებულია ქვეტყე
ფოთოლცვენია ბუჩქებისაგან (კავკასიური ანუ მაღალი მოცვი, მოლოზანა, იელი, მაყვალი და
სხვ.).
ამ ასოციაციათა ფიტოცენოზებში წიფლის აღმონაცენი და მოზარდი დამაკმაყოფილებლად
ვითარდება. ამის გამო განახლების ხელშემწყობი სპეციალური ღონისძიებების გატარება აუცილებელი
არაა, საკმარისია ჭრის და მოვლის პროგრესული მეთოდების დანერგვა. ამავე ასოციაციების
დეგრადირებულ ფიტოცენოზებში (გამეჩხერებული ხევნარები, სადაც ქვეტყე მეტისმეტად არის
გაძლიერებული), სადაც წიფლის მოზარდი არ ან იშვიათად (მცირე რაოდენობით) ვითარდება,
საჭიროა ტყის აღდგენის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება. რეკომენდებულია ტყის ფანჯრებში
ან სპეციალურად შერჩეულ ნაკვეთებზე (2x2 მ, ან 2-3 მ სიგანის პარალელური ზოლები) წიფლის
მსხვილი ნერგის რგვა. მიზანშეწონილია შერჩეულ ნაკვეთებზე ნიადაგის გაწმენდა-გაფხვიერება
და წიფლის მოთესვაც.
2.3 წიფლნარები წვრილბალახოვანი და
მარცვლოვანთა საფარით
ამ ჯგუფში გაერთიანებულია ზომიერად დატენიანებულ (ე. წ. «გრილ») და მომშრალო
ადგილსამყოფელებში განვითარებული ფიტოცენოზები (ასოციაციები), კერძოდ: წიფლნარი მკვდარსაფრიანი,
წიფლნარი მთის წივანიანი, წიფლნარი ჩიტისთვალიანი, წიფლნარი ქრისტესბეჭედიანი, წიფლნარი
ხახიანი და სხვ. ფიტოცენოზებში (კორომებში) წიფლის მოზარდი ნორმალურად ვითარდება, ამიტომ
სპეციალური ტყისაღდგენითი ღონისძიებების გატარება საჭირო არაა. აქ საკმარისია ტყის
ჭრის და მოვლის შესაბამისი პროგრესული მეთოდების დანერგვა. ამ ასოციაციათა დეგრადირებულ
ფიტოცენოზებში (რაც უსისტემო ჭრების შედეგია) ხშირად ვითარდება მაყვლის ქვეტყე, ასევე
ანწლის, ეწრის გვიმრის და სხვა მსხვილი ბალახების საფარი, რაც ძლიერ აბრკოლებს წიფლის
თესლის აღმოცენებას და მოზარდის ფორმირებას. ასეთ წიფლნარ ფიტოცენოზებში (ტყის კორომებში)
საჭიროა წიფლნარის სტრუქტურის აღდგენის ღონისძიებათა გატარება, კერძოდ: ტყის ფანჯრებში
და საბურველქვეშაც, შერჩეულ ნაკვეთებზე (სიდიდით 2x2 მ) ირგვება წიფლის მსხვილი ნერგი
(0,5-1,0 მ). რეკომენდებულია შერჩეული ნაკვეთების ქვეტყისაგან და მსხვილი ბალახებისაგან
გასუფთავება, ნიადაგის გაფხვიერება და წიფლის მოთესვაც.
2.4 წიფლნარები გვიმრების და ფართოფოთოლა
ბალახების საფარით
ჯგუფი აერთიანებს დაბალი წარმადობის, მათ შორის ტანბრეცილი (სუბალპური)
წიფლნარების ფიტოცენოზებს (ასოციაციები: წიფლნარი გვიმრიანი, წიფლნარი ანჩხლიანი, წიფლნარი
მაღალბალახიანი და სხვ.), რომლებიც განვითარებულია მოტენიანო და ტენიან ადგილსამყოფელებში,
ზ. დ. 1700-2300 მ ფარგლებში.
ფიტოცენოზებში წიფლის იარუსის შეკრულობა არათანაბარია, მერყეობს
0,3-0,6 (0,7) ფარგლებში. ბალახეული საფარი განვითარებულია მძლავრად (ტყის საბურვლის
0,6-0,7 შეკრულობის პირობებშიც კი). ფიტოცენოზებში
წიფლის მოზარდი ძალზე ცოტა ან პრაქტიკულად არ ვითარდება (მაღალი დაჩრდილვა, კონკურენცია
ბალახოვან მცენარეთა მხრიდან), რაც განაპირობებს განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების
გატარების საჭიროებას. რეკომენდებულია წიფლისა და თანამყოლი (დამახასიათებელი) სახეობების
– ელიფსური თელას, მაღალმთის ნეკერჩხლის და სხვ. – მსხვილი ნერგების (1 მ და მეტი სიმაღლის)
რგვა ტყის მეჩხერ უბნებში და ველობებზე.
2.5 წიფლნარის ნაალაგევზე განვითარებული
მეორადი (წარმოებული) ტყეები
წიფლნარი ფიტოცენოზების (ტყის კორომების) პირწმინდა ჩეხვით ან ხანძრით
განადგურების შემდეგ მათ ნაალაგევზე მრავალგან განვითარებულია დროებითი (ხანმოკლეწარმოებული)
ტყეები, ძირითადად რცხილნარი (Carpinus caucasica), უფრო იშვიათად – მთრთოლავი ვერხვის
(Populus tremula) ვერხვნარი.
წიფლნარის ბუნებრივი არეალის პრაქტიკულად ყველა რეგიონში
გამოსახულია დროებითი (წარმოებული) ტყეების წიფლნარით ბუნებრივი ცვლის პროცესები (საბურველქვეშ
ფორმირდება წიფლის საიმედო მოზარდი). ამ პროცესების (აღდგენითი სუქცესიების) დაჩქარების
და მასშტაბების გაფართოების მიზნით სასურველია ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება,
სახელდობრ, სარეკონსტრუქციო ჭრების განხორციელება. იმ მეორად (წარმოებულ) ტყეებში კი,
სადაც განვითარებულია ხშირი ქვეტყე მარადმწვანე და ფოთოლცვენია ბუჩქებისაგან (წყავი,
შქერი, მაყვალი და სხვ.), საჭიროა წიფლის აღდგენის სპეციალური ღონისძიებების გატარება,
სახელდობრ: ქვეტყე იჩეხება ზოლებრივად (ზოლების სიგანე 2-3 მ, ზოლთაშორისი მანძილი
3-5 მ; დამოკიდებულია ფერდობის დაქანებაზე), რომლებზეც ირგვება წიფლის მსხვილი
(0,5-1,0 მ სიმაღლის) ნერგი.