Thursday, January 22, 2015

თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია

07.08.2008

ქართველი ერის მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში ვაზს დასაბამიდანვე ეკავა გამორჩეული ადგილი.

ქართველმა დიდი გარჯისა და ოფლის ფასად უპატრონა და გადმოგვილოცა ვაზის უნიკალური ჯიშები: რქაწითელი, ოჯალეში, ალადასტური, ცოლიკაური, ციცქა, უსახელოური... მან დაგვიტოვა "მართალი ღვინის" დაყენების რეცეპტი. სვეტიცხოვლის კედელზე მან გამოსახა "სიცოცხლის ხე", რომელიც ვაზის მტევნებით შეამკო და ამით ვაზი და ღვინო სიცოცხლეს, გადარჩენას დაუკავშირა. მან შეიცნო, რომ ღვინო ქრისტეს სისხლის წინასახეა. ის თვით უფალმა გამოირჩია, გააკეთილშობილა და გვიკურთხა, სულისა და ხორცის საკურნებლად დაგვიდგინა.

მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების დონე ყოველთვის განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ამ მრავალსაუკუნოვანი დარგის განვითარების საქმეს წარმართავს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი, რომელიც წამყვანი სამეცნიერო ცენტრი გახლავთ ჩვენს ქვეყანაში.

ინსტიტუტის შექმნას დასაბამი მისცა 1890 წელს სოფელ საქარაში მევენახეობის საცდელი სადგურის ჩამოყალიბებამ.

1930 წელს აკადემიკოს . ჩოლოყაშვილის თაოსნობით დაარსდა მევენახეობა-მებაღეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 1937 წელს გარდაიქმნა საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტად. 1956 წელს კი მას შეუერთდა მეხილეობის საცდელი სადგური და ეწოდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ინსტიტუტის მთავარი და უპირველესი საზრუნავი საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის დღევანდელი დღე და უკეთესი მომავალია. ინსტიტუტს წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ჩვენი დროის დიდი მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, მევენახეთა და მეღვინეთა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი ნოდარ ჩხარტიშვილი.

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პარალელურად ბატონი ნოდარი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე. მისი აღზრდილია ღირსეული თაობები სწავლულებისა და სპეციალისტებისა. ბატონი ნოდარი მორწმუნე ადამიანია, უაღრესად თბილი, სპეტაკი, თავმდაბალი, კეთილი, ყურადღებიანი.

- ბატონო ნოდარ, უცხო ერის წარმომადგენლებს ყოველთვის აღელვებდათ ქართველი კაცის განსაკუთრებული დამოკიდებულება, ღვთაებრივი სიყვარული ვაზისადმი. მაინც რით შეიძლება აიხსნას ეს ფენომენი?

- ამის ახსნა რელიგიურ და ფილოსოფიურ სფეროს მიეკუთვნება. ქართველი ერი ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას ვაზის ნასხლავის ჯვრით ეზიარა. თითქოსდა, მოულოდნელია ჯვრის ვაზისგან გაკეთება - წმინდა ნინოს უნდა სცოდნოდა, რომ ვაზს ქართველები ოდითგანვე აღმერთებდნენ. ისინი არ იცნობდნენ ქრისტიანობას, მაგრამ ცნობდნენ ვაზის ძალას. ამიტომ ვაზის ჯვარს უფრო ირწმუნებდნენ.

ქრისტიანობასთან ერთად, ქართველობა ვაზისა და ღვინის ბიბლიურ, წმინდა ქრისტიანულ მნიშვნელობასაც ეზიარა. ვენახი, ვაზი და ღვინო არაერთხელაა მოხსენიებული წმინდა წერილში, ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში. ძველ აღთქმაში ღმერთი მევენახედ იწოდება, მისი რჩეული ერი კი - ვენახად. ღვთისადმი დაუმორჩილებელი ერი შედარებულია ველურ და უცხო ვენახთან, რომელიც მავნე და შხამიან ნაყოფს იძლევა. ვენახის დამუშავება, სულიერი მნიშვნელობით, იმ სათნოებებზე მიგვანიშნებს, რისი მეოხებითაც შესაძლებელი ხდება საკუთარი სულის სრულყოფა და გადარჩენა. სახარების იგავებში უფალი ვენახის პატრონად გვევლინება, ჩვენ კი მისი მევენახეები ვართ, ვენახის მოქმედნი. რამდენიმე იგავში ვენახის პატრონი უზენაესი შემოქმედია, რომელმაც ჩაყარა ვაზი - შექმნა სამყარო და დასამუშავებლად მისცა ადამიანს, ერს, კაცობრიობას. მევენახე კი თავად უფალი იესო ქრისტეა, ჩვენი შუამდგომელი და შემწე, რომელიც ვაზის მოვლა-პატრონობაში გვეხმარება. გავიხსენოთ - სწორედ ღვინოს უკავშირდება ქრისტეს პირველი სასწაული: გალილეის კანაში უფალმა წყალი ღვინოდ აქცია. იოანეს სახარებაში უფალი გვამცნობს: "მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი". ქრისტეში ყოფნა და მასთან ზიარება ვაზის ნაყოფით - ქრისტეს წმინდა სისხლით, ასევე ქრისტეს პატიოსანი ხორცითაა შემტკიცებული. სულიწმინდის ძალით პური და ღვინო საიდუმლოდ, უხილავად გარდაისახება იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად. ვაზი და ღვინო სულის ცხონებასა და გადარჩენას უკავშირდება.

ქართული ვაზის ამბავი საქართველოს უტყვი ისტორიაა. ქართველი ერის და ვაზის ბედის განუყოფლობა ისტორიამ დაადასტურა. მტერმა იცოდა, რომ ქართული ვაზის ამოძირკვით ჩვენს სულიერებას, ქართველობას ემუქრებოდა საფრთხე. ამიტომაც დაუნდობლად გვიჩეხდნენ ვაზს, ვენახს ნავენახარად გვიქცევდნენ, ფუძეს გვიშლიდნენ. ქართველ კაცს, საბედისწერო პირობებშიც კი, ბედის ანაბარა არასოდეს მიუტოვებია ვაზი. ომებით იავარქმნილი ამოისუნთქავდა თუ არა, ვაზის გაშენებას იწყებდა.

ვაზი წმინდა კულტურა იყო. საქართველოში არც ერთი ტაძარი არ აშენდებოდა ისე, რომ მის დეკორში, არქიტექტურულ ნაწილში არ ყოფილიყო გამოყენებული ვაზის ფოთოლი, მტევანი, ყლორტი, საეკლესიო მამულებში ვაზი ყოველთვის იყო ერთ-ერთი უწმინდესი მცენარე.

საბედნიეროდ, დღეს, ჩვენი მეწარმეების დიდი ნაწილი მორწმუნეა. ისინი ღვთის ძალითა და შეწევნით აღწევენ წარმატებებს. უფლის შემწეობით საქართველოში მევენახეობის დარგი კვლავ დაადგა აღორძინების გზას. ტრადიცია აღდგა: ვენახებსა და ქარხნებს ღვთისმსახურნი აკურთხებენ.

ვაზისადმი ქართველი კაცის განსაკუთრებული დამოკიდებულება აირეკლა ხელოვნებაში, პოეზიაში, მუსიკაში... გავიხსენოთ თუნდაც ფილმი "ჯარისკაცის მამა". კახელი გლეხისთვის ვაზის გადათელვა ისეთივე შემზარავი მოვლენაა, როგორიც ბავშვის მოკვლა. ხალხური ლექსი გვეუბნება: "ვაზო, შვილივით ნაზარდოო". სხვა ერებში ვერ იპოვით ასეთ დამოკიდებულებას ვაზისადმი. დემეტრე I ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საგალობელში ღვთისმშობელს ვაზს ადარებს: "შენ ხარ ვენახი ახლად აღყუავებული..." I კურსის სტუდენტებს ვაზისა და ღვინის ისტორიის კურსს ვუკითხავ. ლექციებს თეიმურაზ II-ის "ხილთა ქებით" ვიწყებ. აქ ხილთა გაბაასებაში წარმოჩენილია ვაზის უპირატესობა. ასე რომ, ვაზი არა მხოლოდ მატერიალური დოვლათის წყაროა ჩვენთვის, არამედ სულიერი საზრდოც, საფიცარი და სალოცავი.

- ქართველმა კაცმა 500-ზე მეტი ვაზის ჯიში გამოიყვანა. ამ პატარა ქვეყანაში ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება ნაწილობრივ, ალბათ, ვაზისადმი ქართველი კაცის საკრალურმა დამოკიდებულებამაც განაპირობა.

- ივანე ჯავახიშვილმა 524 ჯიშის ნუსხა დაგვიტოვა და დართული აქვს საქართველოს ამპელოგრაფიას, რომლის ავტორებიც არიან ნიკო კეცხოველი, . აბაშიძე, მაქსიმე რამიშვილი... მევენახეობის ინსტიტუტის შექმნის შემდეგ, 40-იან წლებში დაიწყო მუშაობა მათ პოვნაზე. სოლომონ ჩოლოყაშვილისა და მაქსიმე რამიშვილის ძალისხმევით საკოლექციო ნაკვეთებში შეგროვდა 425-ზე მეტი ჯიში. დანარჩენი მოსაძებნია. ამ ადამიანებმა ანდერძად დაგვიტოვეს: "თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია. რქაწითელის, საფერავის, თაკვერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, ჩხავერის, ალექსანდროულის და სხვათა შექმნაზე იმდენი შრომაა გაწეული, რამდენიც სვეტიცხოვლის, გელათის, გრემის, იყალთოს და სხვა ისტორიული ძეგლების მშენებლობაზე... ჩვენი ვალია, დავიცვათ, განვავითაროთ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ისინი" (მაქსიმე რამიშვილი).

ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება განაპირობა, ჯერ ერთი, ადგილობრივმა ბუნებრივმა პირობებმა: მზემ, ნიადაგმა, კლიმატმა და, რა თქმა უნდა, ქართველი კაცის დამოკიდებულებამ ვაზის მიმართ. ეს ჯიშები ხალხური სელექციის შედეგიცაა. კახელი კაცის გონიერებას უკავშირდება საუკეთესო ჯიშების გამორჩევა. ქართველმა კაცმა ტყიდან სხვა მრავალ სასარგებლო მცენარესთან ერთად ვაზიც გამოიტანა, კარ-მიდამოში გააშენა და მის მოვლა-პატრონობას შეუდგა. ამას, რა თქმა უნდა, კლიმატურმა პირობებმაც შეუწყო ხელი. შეიძლება ითქვას, რომ იშვიათად მოიპოვება მსოფლიოში ისეთი შეზავებული, ზომიერი კლიმატი, ოაზისი, როგორიც საქართველოშია.

სამწუხაროდ, 90-იანი წლების შემდეგ უსახსრობის გამო აგრარული უნივერსიტეტის საკოლექციო ნაკვეთებს, სადაც ბატონმა მაქსიმე რამიშვილმა თავი მოუყარა 425 ჯიშს, არ გაუფრთხილდნენ (მისი მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი) და ეს ჯიშები, ფაქტობრივად, განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2000 წლის დასაწყისში კოლეგების დახმარებით შევაგროვეთ და იტალიაში გავაგზავნეთ ვაზის 150 ქართული ჯიში. მათი დიდი ნაწილის აღწერილობა შევიდა სქელტანიან ნაშრომში, რომელიც ჩემი თანაავტორობით გამოსცა მილანის უნივერსიტეტმა. ამ წიგნში წარმოდგენილ რუკაზე საქართველო მიჩნეულია კულტურული ვაზის ფორმათა წარმოშობის ერთ-ერთ პირველად კერად, საიდანაც ის გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. შევძელით, ამ რთულ პირობებში 400-მდე ჯიშისთვის მოგვეყარა თავი, მევენახეობის ინსტიტუტის ტერიტორიაზე გაგვეშენებინა და ასე გადაგვერჩინა. ამას დიდი შეფასება მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

- რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ბაზარზე ღვინის ბუნებრივი, ძველი ქართული წესით დაყენების ტექნოლოგიას?

- წმინდა ილია მართალი ამბობდა: "ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა... ჩვენს ღვინოში არა არის რა, გარდა ყურძნის წვენისა".

ქართველი გლეხი ვაზის ნაჟურს არაფერს უმატებდა, არაფერს ბღალავდა. "ბუნებრივი" წესით ამზადებდა. სწორედ ეს გახლავთ ღვინის ქართულად დაყენების ტექნოლოგია. სწორედ ასეთი, "ხელთუქმნელი" ღვინოა მარგებელი, მაკურნებელი თვისებისა, მხოლოდ იგი "ახარებს გულსა კაცისასა", როგორც ბრძანებს წმინდა დავით წინასწარმეტყველი.

ქართული ღვინისადმი უცხოელების ინტერესს განსაზღვრავს მისი ღირსებები, რომელიც უნდა დავიცვათ და არ უნდა მივცეთ ვინმეს მისი გაყალბების საშუალება. საქართველოში შექმნილია ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგიები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, კახური ღვინო სამკურნალოა. თავისი თვისებებით იგი უთანაბრდება წითელ ღვინოს, რომელიც ასე მიღებულია ბაზრისთვის. კახური წესით დაყენებულ ღვინოში მოიპოვება სწორედ ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებას. ეს ნივთიერებები ნაკლებად გვხვდება იმავე ჯიშისაგან დაყენებულ ევროპულ ღვინოში. ძველი ტექნოლოგიით ღვინის დაყენება, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მასზე ხელის აღება არ შეიძლება. ახლა ვმუშაობთ ტექნოლოგიის შედარებით გაადვილებაზე, რაც ხელს შეუწყობს მის შენარჩუნებას.

- როგორია მევენახეობის განვითარების პერსპექტივა?

- ამ დარგის განვითარების დონე ანარეკლია ქვეყნის პოლიტიკური და სიციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის ეკონომიკური საფუძველი, არსებობის წყარო იყო და დღესაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად რჩება.

ჩვენმა ინსტიტუტმა შეიმუშავა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კონცეფციური პროგრამა. ასე რომ, კანონმდებლობა, დამცავი მექანიზმი ვაზის კულტურასა და ღვინოს აქვს. ჩვენ შევძელით და პარლამენტში შევიტანეთ კანონი, რომლის პრეამბულაში დაფიქსირებულია ის, რომ საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობა პრიორიტეტული დარგია. ამ აღიარებამ ხელი შეუწყო ამ დარგისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას. ამ კონცეფციაში ჩამოყალიბებულია სწორედ პერსპექტივა - რა გზით უნდა წარიმართოს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება. ისტორიულად საქართველო ხარისხოვანი ღვინის ქვეყანაა და ეს შენარჩუნებული უნდა იქნეს. შემდეგ განსაზღვრულია სხვა მიმართულებებიც: სანედლეულო ბაზის გაფართოება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება-შენახვა, ნერგის წარმოების ტექნიკური ბაზის რეაბილიტაცია - უვირუსო, ჯიშურად გარანტირებული სარგავი მასალით ქვეყნის უზრუნველყოფა, ტრადიციული ტექნოლოგიების სრულყოფით კონკურენტუნარიანი ღვინოების მიღება, ჯიშური თავისებურებებისა და კვებითი ღირებულების შენარჩუნება და სხვა.

ქართველი მეცენატის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობითა და თანადგომით პირველი სანერგე საგურამოში ჩაიყარა. კონცეფცია რეალობად იქცა. მოგვეცა საშუალება, კვლავ მოვაშენოთ ვაზის უნიკალური ჯიშები და დავიცვათ ქართული გენოფონდი.

კიდევ გავიმეორებ, რომ მევენახეობა-მეღვინეობა არის ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელი დარგი. საკმარისია აღინიშნოს, რომ უახლოეს წარსულში - გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მევენახეობიდან მიღებული შემოსავალი ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 18-20%- შეადგენდა; ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაში ამ დარგის წილად 25%-ზე მეტი მოდიოდა. ამ დარგმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სფეროში თავისი წვლილი რომ შეიტანოს, საქართველოს უნდა ჰქონდეს 80-90 ათასი ჰექტარი ვენახი. უნდა აღდგეს უნიკალური ჯიშები უნიკალურ ზონებში. სარგავ მასალასთან ერთად აუცილებელია უნიკალური ჯიშებისთვის უნიკალური პირობების, გეოგრაფიული საზღვრების დადგენა. ამ საქმეს ინსტიტუტი უდგას სათავეში. ასე რომ, პერსპექტივა ამ დარგს კვლავ უდიდესი აქვს.

ქართველმა ორიგინალურმა ღვინოებმა მსოფლიო ბაზარზე უნდა დაიმკვიდროს მყარი ადგილი.

სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი                                                                  
წყარო: "კარიბჭე"